Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ში გამართულ დემონსტრაციებთან ერთად, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები უცხოეთის ქვეყნებში


ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა მინეაპოლისში, 4 ივნისს
ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა მინეაპოლისში, 4 ივნისს

ათასობით ადამიანი შეიკრიბა 5 ივნისს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში და საპროტესტო აქცია გამართეს 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო, რასაც აშშ-სა და უცხოეთის ქვეყნებში მოჰყვა დისკრიმინაციის და პოლიციის სისასტიკის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა.

კანბერაში მსვლელობაზე ორი ათასი ადამიანი მივიდა. ამ დემონსტრაციას მოჰყვება სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი გამოსვლები 6 ივნისს, ავსტრალიის უდიდეს ქალაქებში, რის თაობაზეც პოლიცია შეშფოთებას გამოხატავს, რადგან ავსტრალიაში კვლავ მოქმედებს სოციალური დისტანცირების წესი კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო.

ავსტრალიის უდიდესი ქალაქის, სიდნეის პოლიცია შეეცადა სასამართლოს გზით აეკრძალა დემონსტრაცია. ხელისუფლებამ ხალხს მიმართა, არ მივიდნენ დემონსტრაციაზე მელბურნში, სიდიდით მეორე ქალაქში.

ანტირასისტული გამოსვლები კანბერაში, ასევე ევროპის არაერთ ქალაქში გამართული საპროტესტო აქციები, მოჰყვა ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრას, რომელიც წინა დღით მინეაპოლისში გაიმართა, და რომელსაც დაესწრნენ უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები.

აშშ-ში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ორივე, მშვიდობიანი გამოსვლებიცა და ძალადობრივი აქციებიც მინეაპოლისში 25 მაისს ფლოიდის სიკვდილის გამო, რისი კადრებიც გადაღებულია და ჩანს, როგორ აწვება მუხლით პოლიციელი დერეკ შოვინი ძირს დაგდებულ ფლოიდს კისერზე, მას კი სუნთქვა უჭირს და ითხოვს, არ მომკლაო.

ფლოიდის ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრის მონაწილეებმა ფეხზე დგომით და რვა წუთისა და 46-წამიანი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულის ხსოვნას. ზუსტად ამ დროის განმავლობაში აჭერდა შოვინი მუხლს ფლოიდს კისერზე.

4 ივნისს აშშ-ში დემონსტრაციები უმეტესად მშვიდობიანი იყო მას მერე, რაც მინესოტის პროკურატურამ ინციდენტში მონაწილე სხვა სამ პოლიციელსაც წაუყენა ბრალი და შოვინს კი, ახალი, უფრო მკაცრი ბრალი წაუყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG