Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. საბურთალოს კლასტერში 23 ინფიცირებულია, წყარო კი კლინიკის სამედიცინო პერსონალია


„სერიოზულ მიკროაფეთქებას“ უწოდებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გასულ კვირაში თბილისში, საბურთალოს რაიონში გამოვლენილ შემთხვევებს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ამ კლასტერში, სადაც გასულ კვირაში 8 შემთხვევა დადასტურდა.

„სერიოზული მიკროაფეთქება გვქონდა საბურთალოს კლასტერში, რომელიც უკავშირდება სამედიცინო მუშაკს. ერთ-ერთი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია, რომლისგანაც გავრცელდა ამ დასახლებაში ეს ინფექცია და დღევანდელი რიცხვით 23 ადამიანია კლასტერში ინფიცირებული. უკვე გამოკვლეულია 103 კონტაქტი. 42 გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენები არიან ე.წ. შიდა კარანტინში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთგვარ ოაზისად რჩება, მაგრამ „დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს და ილუზიას არ უნდა მივეცეთ, რომ კორონა დავამარცხეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 4 დღეა ისევ მოიმატა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა. 29 მაისს 8 ახალი შემთხვევა იყო, 30-ში 11, 31 მაისს 26 და 1 ივნისს 11, მაშინ, როცა წინა რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვი 3-ს არ აღემატებოდა. გასულ კვირაში გაჩნდა ახალი, „საბურთალოს კლასტერი“.

საქართველოში თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე სულ ინფიცირებულია 794 ადამიანი. მათგან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. 12 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG