Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრინსი: იდუმალი გენიოსის იისფერი წვიმა


სალომე ასათიანის პოდკასტი

პრინსი: იდუმალი გენიოსის იისფერი წვიმა
please wait

No media source currently available

0:00 0:46:00 0:00
გადმოწერა

„როცა ცაზე სისხლია - წითელი და ლურჯი ერთად იისფერს ქმნის ... იისფერი წვიმა ეხება სამყაროს დასასრულს, ამ დროს შენ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნას და შენს რწმენაზე/ღმერთზე მინდობას, რათა მან გაგატაროს ამ იისფერ წვიმაში“.

ასე უპასუხა ამერიკელმა მომღერალმა, მოცეკვავემ, ვირტუოზმა გიტარისტმა და მულტი-ინსტრუმენტალისტმა, პროდიუსერმა, მსახიობმა, ბევრის მიერ მის თაობაში უდიდეს მუსიკოსად მიჩნეულმა პრინსმა, იგივე პრინს როჯერს ნელსონმა ერთ-ერთ იშვიათ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, მაინც რას ნიშნავს თქვენი ყველაზე ცნობილი სიმღერის, Purple Rain-ის ტექსტიო. ეს სიმღერა აუდიტორიის წინაშე პირველად 1983 წლის 3 აგვისტოს დაუკრეს, მინეაპოლისის ერთ-ერთ კლუბში. და იმ ღამიდან სულ რაღაც ერთი წლის გასვლის შემდეგ, ამ სიმღერის მხოლოდ პირველი, ადვილად საცნობი აკორდის გაგებაც კი უკვე საკმარისი იყო საიმისოდ, რომ უზარმაზარი აუდიტორია სიხარულით და ინტენსიური ემოციით ისტერიამდე მისულიყო.

Purple Rain, ეს თითქმის ცხრაწუთიანი, რთული არანჟირების და ინტენსიური მუსიკალური დრამატურგიის მქონე ბალადა ერთმანეთს უხამებს პოპულარული მუსიკის, როკის და ბოლოს გოსპელის ელემენტებს და ამ ყველაფერს თან ერთვის პრინსის მიერ გიტარაზე უბადლოდ შესრულებული გრძელი სოლო. ამ სიმღერას აქვს რაღაც უცნაური ძალა, რომელიც კიდევ უფრო მატულობს მაშინ, თუ ტექსტიც გესმის. უცნაური, იგავური, რაღაცნაირად საბედისწერო და აპოკალიპტური სიტყვები არშემდგარ, უპასუხო, თუ უიღბლო სიყვარულზე - როცა საყვარელი ადამიანისთვის მხოლოდ ბედნიერება გინდა, მაშინაც კი, თუკი ეს შენს მასთან არყოფნას ნიშნავს. „მხოლოდ ის მსურდა, გაცინებული მენახე იისფერ წვიმაში“ - მღერის პრინსი და სინანულის, სურვილის, სიყვარულის, სევდის და შვების ეს მძაფრი ნ აზავი გნუსხავს და გატყვევებს. Purple Rain მთელ მსოფლიოში უყვარს მსმენელს. ხოლო 2016 წლის 21 აპრილის შემდეგ - როცა 57 წლის პრინსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ამ სიმღერამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა და ის პრინსის ეპიკურ და მშვენიერ ანდერძად გადაიქცა.

ალან ლაიტი
ალან ლაიტი

სიმღერა Purple Rain შესულია პრინსის ამავე სახელწოდების ალბომში - რომელიც, თავის მხრივ, ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკია. ამ ფილმში მთავარ როლს თავად პრინსი ასრულებს და ის გარკვეულწილად მის რეალურ ბიოგრაფიაზეა დაფუძნებული. ამ პროექტმა, სახელად Purple Rain, პრინსი ასე ვთქვათ „ორდინარული“ ვარსკვლავიდან მეგავარსკვლავად, ფენომენად აქცია და მისი კარიერისთვის განმსაზღვრელი გახდა. თუმცა, მუსიკალური თვალსაზრისით, Purple Rain შესაძლოა არც იყოს პრინსის საუკეთესო ალბომი. პრინსის დისკოგრაფია შედგება 39 სტუდიური ალბომისგან, ოთხი ლაივ ალბომისგან, კიდევ სამი ალბომი მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. თავის მუსიკაში ის ამერიკული მუსიკალური ტრადიციების ერთგვარ კატალოგს ქმნიდა, ერთმანეთს უხამებდა ფანკს, არ-ენ-ბის, როკს, სოულს, პოპს, ფსიქოდელიას, ბლუზს.

პრინსის შესახებ დაწერილ სტატიებს გუგლით თუ მოძებნით, ყველაზე ხშირად შეგხვდებათ სიტყვები „ენიგმატური“, ანუ იდუმალი, და „გენიოსი“. და ასევე ნახავთ ბევრ ტექსტს მისი ღია, გამომწვევი და პროვოკაციული მგრძნობელობის, სექსუალურობის, ეროტიკული ქარიზმის შესახებ, რომელიც მძლავრად არყევდა გენდერულ ნორმებს. თავისი ცნობილი ფალცეტით როცა მღეროდა, მისი გამორჩეულად თხელი, ელეგანტური და ხშირად მაღალ ქუსლებზე შემდგარი ფიგურა მგრძნობელობას და ფემინურობას ასხივებდა, ხოლო როცა გიტარაზე უკრავდა თავის ვირტუოზულ სოლოებს, იმ მომენტებში პრინსი ფალიკური როკმენის არქეტიპად გარდაიქმნებოდა ხოლმე. „პრინსი ეროტიკულად ყველას ეხება, რადგან ყველა ადამიანის ილუზიების თუ ფანტაზიების განსხეულებას წარმოადგენსო“ – წერდა თავის ავტობიოგრაფიაში მაილს დევისი.

ასათიანის კუთხე

ასათიანის კუთხე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:32 0:00
სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

პრინსის ალბომი, Purple Rain, გამოვიდა ეპოქაში, როცა პოპულარულ მუსიკაში თუ მუსიკის ინდუსტრიაში აფეთქება აფეთქებაზე ხდებოდა. ახალი გამოჩენილი იყო MTV,ახალი გამოსული იყო მაიკლ ჯექსონის ალბათ საუკეთესო ალბომი, Thriller. Purple Rain-თან ერთად, 1984 წელს, გამოდის ბრუს სპრინგსტინის Born in the U.S.A., მადონას Like a Virgin. მოკლედ, პოპულარული მუსიკა დახუნძლულია მეგავარსკვლავებით და მეგა-ალბომებით. თუმცა, როგორც ბევრი კრიტიკოსი ამბობს, ამ მუსიკოსებს შორის პრინსის მსგავსი უნივერსალური ნიჭი მაინც არავის ჰქონია. „პრინსს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფიგურას, რომელიც იმ პერიოდში შესაძლოა მასსავით პოპულარული იყო. ის იყო მაიკლ ჯექსონისნაირი მოცეკვავე, მადონასნაირი პერფორმერი, სპრინგსტინის მსგავსად წერდა სიმღერებს. პრინსი თუ ვინმეს უნდა შევადაროთ, უფრო უპრიანი იქნება, მაგალითად, მაილს დევისის გახსენება. იმ მუსიკოსების, რომლებიც უშიშრად ეკიდებოდნენ ექსპერიმენტებს მუსიკაში, რომლებიც უყოყმანოდ და უპრობლემოდ ასრულებდნენ თავიანთი კარიერის რომელიმე ეტაპს და სრულიად ახალი მიმართულებით მიდიოდნენ ხოლმე“ - გვეუბნება პოდკასტის დღევანდელი გამოშვების სტუმარი, შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკ-ჟურნალისტი, ალან ლაიტი, რომელიც „ასათიანის კუთხის“ ერთგულ მსმენელს შესაძლოა გახსოვდეთ შარშანდელი ეპიზოდიდან ლეონარდ კოენის სიმღერის, „ჰალელუიას“ ისტორიის შესახებ. ალან ლაიტს კოენზეც და პრინსზეც აქვს დაწერილი გამორჩეულად საინტერესო წიგნები და ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენი პოდკასტის მეგობარი გახდა.

პოდკასტის ამ ეპიზოდში პრინსის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ. პროექტ Purple Rain-ის მნიშვნელობის გარდა, ვილაპარაკებთ მის ბიოგრაფიაზე, უფრო გვიანდელი პერიოდის შემოქმედებაზე, მუსიკალურ გავლენებზე. გავიხსენებთ დღეს, როცა ექსტრავაგანტულად და გამომწვევად გამოწყობილი პრინსი თავისი კარიერის ადრეულ ეტაპზე ჯგუფ როლინგ სტოუნსის კონცერტს ხსნიდა და მძლავრ სიძულვილს და შეუწყნარებლობას შეეჯახა როკმენი აუდიტორიის მხრიდან, ვილაპარაკებთ მის უდიდეს წვლილზე მუსიკის შავკანიანი და თეთრკანიანი მსმენელისთვის დაყოფის ტრადიციის მოშლაში და ასევე შევეხებით ამერიკელი მუსიკის კრიტიკოსებისთვის ერთ-ერთ საყვარელ თემას - მეტოქეობას, თუ კონკურენციას პოპულარული მუსიკის ორ გიგანტურ ფიგურას, პრინსსა და მაიკლ ჯექსონს შორის.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG