Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი სინანულს გამოხატავენ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, კვლავ ამოქმედდეს ირანის მიმართ ბირთვული სანქციები


არაქის მძიმე წყლის რეაქტორი ირანში
არაქის მძიმე წყლის რეაქტორი ირანში

ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა კრიტიკა გამოთქვეს აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ დაწესებული სანქციების გარშემო ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისთვის დაშვებული გამონაკლისები.

„ღრმა სინანულს გამოვხატავთ აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, შეწყვიტოს ირანთან ბირთვული შეთანხმებით მიღებული სანქციებისთვის გვერდის ავლის წესების მოქმედება, რომლებიც ვრცელდებოდა სამოქმედო გეგმის პროექტებზე ბირთვულ სფეროში“, - ნათქვამია ევროპის სამი ქვეყნის მიერ 30 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სანქციებისთვის გვერდის ავლის წესები ნაწილია 2015 წელს თეირანთან მიღწეული შეთანხმებისა, რომლის მიხედვით, ირანის ბირთვული საქმიანობა შეიზღუდა, ხოლო სანაცვლოდ, მას გაუუქმეს ეკონომიკური სანქციები. ევროპის, ჩინეთისა და რუსეთის კომპანიებს ამ წესების გზით შესაძლებლობა ეძლეოდათ, მონაწილეობა მიეღოთ ირანის დასავლეთში მდებარე მსხვილი სამრეწველო ქალაქის, არაქის მძიმე წყლის რეაქტორის გარდაქმნაში.

„ეს პროექტები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუციით არის დამტკიცებული, ემსახურება გაუვრცელებლობის ინტერესებს ყველასათვის და საერთაშორისო თანამეგობრობას არწმუნებს იმაში, რომ ირანის ბირთვული აქტიურობა არის უსაფრთხო და მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა 27 მაისს, რომ ირანი განაგრძობდა „ბირთვულ ცეცხლთან თამაშს“, არ ასრულებდა ვალდებულებებს და ამიტომ, სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმის მოქმედების გაგრძელება არ არის გამართლებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG