Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინეაპოლისში CNN-ის გადამღები ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და კვლავ გაათავისუფლეს


პოლიცია მინეაპოლისის ქუჩებში
პოლიცია მინეაპოლისის ქუჩებში

პარასკევს მინესოტის სახელმწიფო პატრულმა ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფის წევრები დააპატიმრა, როცა ისინი მინეაპოლისიდან გადასცემდნენ საპროტესო გამოსვლების შესახებ. დემონსტრაციები გამოიწვია აფროამერიკელი მამაკაცის გარდაცვალებამ 25 მაისს პოლიციის მიერ დაკავებისას.

46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების სცენა ვიდეოზეა აღბეჭდილი და მასზე ჩანს, როგორ აჭერს პოლიციელი კისერზე მუხლს ხელბორკილებიან ფლოიდს, რომელიც მიწაზე წევს და ითხოვს, მისცენ სუნთქვის საშუალება.

CNN-მა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი პოლიციამ კვლავ გაათავისუფლა.

ტელეკომპანიის თანამშრომელი ომარ ხიმენესი პირდაპირი ეთერის დროს დააკავეს, ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. პოლიციამ ასევე ხელბორკილებით წაიყვანა კომპანიის პროდიუსერი და ფოტოჟურნალისტი.

როგორც კომპანიამ განაცხადა, მისი გუნდი დააპატიმრეს „პროფესიული საქმიანობისას, მიუხედავად იმისა, რომ მათ საკუთარი ვინაობა განაცხადეს - ეს [კონსტიტუციის] მეხუთე შესწორებით გარანტირებული უფლებების აშკარა დარღვევაა“.

როგორც Associated Press-ი იტყობინება, მინესოტის სახელმწიფო პატრულმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები იმ ადამიანებს შორის იყვნენ, რომლებსაც იმ მომენტში აპატიმრებდნენ, ვინაიდან სამართალდამცავები „ქუჩას წმენდდნენ და წესრიგს აღადგენდნენ“. პატრულის თქმით, ჟურნალისტები „გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ისინი მედიის თანამშრომლები არიან“.

ხუთშაბათს ღამით მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის განყოფილების შენობას. მასში პოლიციელები არ იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც მინეაპოლისსა და მის მიმდებარე სენტ-პოლში სამი დღეა არეულობა სუფევს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG