თუკი COVID-პანდემიის პერიოდში შენი საფულე სრულად არ გამოცარიელებულა და თუკი საკარანტინე შეზღუდვებს ოჯახის ბიუჯეტზე დრამატული დარტყმა არ მიუყენებია, მაშინ, შეგიძლია მისცე თავს უფლება, რომ გადახედო შენი ან შენი შვილის დაპატარავებულ თუ გაცვეთილ გარდერობს და ორშაბათს საყიდლებზე წახვიდე.
პირველი ივნისიდან იხსნება ყველა ტიპის მაღაზია და სავაჭრო მოლი, მათ შორის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებიც. ეს ინფორმაცია, სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციებმა და ზოგადად, ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა, ტელევიზიით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით შეიტყვეს.
ვცვლით მაღაზიებში ქცევის წესებს
ოღონდ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც პანდემიამდე - შევედი მაღაზიაში, შევარჩიე, სამი კაბა, ორი შარვალი, გადავიკიდე მკლავზე, დავდექი გასახდელის რიგში, მოვისინჯე, მივტრიალდი-მოვტრიალდი, ვერ მოვირგე, გამოვედი, დავუარე ისევ საკიდებს, ახლა ოთხ შარვალსა და ერთ ჩითის კაბას წამოვავლე ხელი, ერთი წელზე არ მომერგო, მეორე თეძოზე, მესამე მოკლე აღმოჩნდა და ბოლოს ერთი წინწკლებიანი პერანგი შევიძინე - აი, ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოთ - ტანსაცმლის მაღაზიებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გასახდელები დროებით უქმდება. თუმცა, ეს ყველა მაღაზიას არ ეხება და მსგავსი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არ გაუცია.
ამ ეტაპზე, მაღაზიებში გასახდელებს დროებით აუქმებს „რითეილ გრუპ ჯორჯია“, რომელიც თბილისში 60 მაღაზიასა და 30-ზე მეტ ბრენდს წარმოადგენს, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho და სხვა.
ანუ, შედიხარ მაღაზიაში, ცხადია, პირბადით, ფეხებს იწმენდ დეზობარიერზე, ზოგან თერმო სკანერი, ზოგან კი მაღაზიის თანამშრომელი გიზომავს სიცხეს, იტარებ ხელების სტერილიზაციას და იწყებ მაღაზიის დარბაზში გადაადგილებას. იცავ დისტანციას (5 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი), ირჩევ სასურველ ნივთს ან ნივთებს, ცხადია, შეგიძლია, სარკის წინ დადგე, სამოსი საკიდიანად მიიდო ყელთან, შეამოწმო მიახლოებითი სიგრძე, მკლავი დაიტოლო, შარვალი წელზე გადაიჭირო, ქვედაბოლოც და მერე, საკუთარი წარმოდგენის, თვალის ზომისა და ინტუიციის დახმარებით, შეიძინო.
ნუ დაღონდები, თუკი სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენ, რომ შარვალზე ღილი ვერ შეიკარი, ან პერანგი მხრებში გიჭერს, მაღაზიის ადმინისტრაცია გიტოვებს შანსს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ნივთი ან დააბრუნო ან გადაცვალო.
როდემდე გაუქმდება გასახდელები?
მიუხედავად იმისა, რომ გასახდელების გაუქმების რეკომენდაციას, დღეის მდგომარეობით, არც ჯანდაცვის სამინისტრო და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ გასცემს, „რითეილ გრუპ ჯორჯიამ“, როგორც საერთაშორისო კომპანიამ, გაითვალისწინა სხვა ქვეყნების გამოცდილება პანდემიის პირობებში მაღაზიების გახსნისა და გადაწყვიტა, რომ ზოგად შეზღუდვებთან ერთად, რომელიც საქართველოში მომსახურების სექტორის პროტოკოლის მიხედვითაა გათვალისწინებული, მფლობელობაში მქონე მაღაზიებისთვის დააწესოს შიდა პროტოკოლი, რომელიც სწორედ გასახდელების დროებით გაუქმებას გულისხმობს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა 27 მაისს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო კვირის ბოლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით, კიდევ გადაიხედოს:
„ყოველი კვირის ბოლოს შევხედავთ რა სიტუაცია იქნება და ნელ-ნელა შევამსუბუქებთ შეზღუდვებს. რა თქმა უნდა, მომხმარებლებისათვის დისკომფორტია, რომ ისინი გასახდელს ვერ გამოიყენებენ, თუმცა, საპირწონედ ვაპირებთ, რომ გაცვლა-დაბრუნების ვადები აქამდე არსებული 3-7 დღიდან, ორ კვირამდე გავაგრძელოთ“.
და რა ბედი ელის, მაგალითად, შარვალს, რომელიც იყიდე, ვერ მოირგე და უკან დააბრუნე? ის 48 საათით კარანტინში გადაინაცვლებს ანუ დაბრუნდება სპეციალურ საცავში, სადაც გაივლის დეზინფექციას (გატარდება ცხელ ორთქლში, ასე ხსნის „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი) და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიკიდება კვლავ დარბაზში.
რეზო მაღალაშვილის თქმით, ამ ეტაპისათვის, მაღაზიები ნაცვლად 12-საათიანი სამუშაო გრაფიკისა, სავარაუდოდ, 10-საათიანი გრაფიკით იმუშავებენ:
„ჩვენ კვლავ ველოდებით სახელმწიფოსგან გარკვეულ რეკომენდაციებს. არ არის გამორიცხული, რომ ორშაბათამდე კიდევ დაზუსტდეს გარკვეული შეზღუდვები. ის, რაც არ არის დარეგულირებული სახელმწიფოს მიერ, ამას ჩვენი პროტოკოლით დავარეგულირებთ და ყოველკვირეულად შევაფასებთ ამ შეზღუდვებს როგორც სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციასთან ერთად ასევე კონსულტაციებს გავივლით ეპიდემიოლოგებთანაც“.
მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიებში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა აისახოს მომხმარებლების რაოდენობასა და შესაბამისად, შემოსავალზეც, რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ საკარანტინე პირობებში მიყენებულ ზარალს ამ ტიპის ზარალი ვერ შეედრება:
„ეს გაცილებით ჯობია იმას, რაც ამ ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში გვქონდა. ჩვენ საერთოდ დახურულები ვიყავით. მარტშიც კი, სანამ საბოლოოდ დავიკეტებოდით, ბრუნვა მაღაზიებში დაახლოებით 70%-ით იყო დაცემული. ფაქტობრივად, სამი თვეა კრიზისში ვიმყოფებით. ზარალი საკმაოდ დიდია, დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო გადარჩენა, რადგან უკვე დღეებზე იყო ლაპარაკი. ალბათ ერთი-ორი კვირაც და ძალიან ბევრი კომპანია, მათ შორის ჩვენც, ვეღარ გავაგრძელებდით ოპერირებას“.
ორშაბათიდან იხსნება სავაჭრო მოლებიც. მათ შორის „ისთ ფოინთიც“. თეიკო ლომინაძე, „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სავაჭრო ცენტრში არსებული მაღაზიების მფლობელები, თავად იღებენ გადაწყვეტილებას მაღაზიის შიგნით არსებულ რეგულაციებზე, იქნება ეს გასახდელის გაუქმება თუ სხვა დამატებითი შეზღუდვა. რაც შეეხება ზოგადად, სავაჭრო მოლს, მისი თქმით, ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ყველა საჭირო ზომა უსაფრთხოდ ვაჭრობისთვის:
„ჩვენი სავაჭრო მოლი ღია სივრცეში მდებარეობს, თუმცა, გვაქვს ორი დიდი შენობა, სადაც ცალკეული მაღაზიები და გასართობი ცენტრებია განთავსებული. ამ სივრცეებში აუცილებლად მოეწყობა ერთიანი შესასვლელი, სადაც მოხდება მომხმარებლის თერმოსკრინინგი. გაკონტროლდება რიგი. ყველას, გამყიდველსაც და მომხმარებელსაც აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადეები. რაც შეეხება მაღაზიებს, რომლებსაც ინდივიდუალური შესასვლელები აქვთ, ეს მაღაზიები დაექვემდებარებიან ზოგად რეკომენდაციებს, მათ შორის, დეზობარიერი, პირბადეები, დისტანცია, თერმოსრკინინგი. თუკი გადაწყვეტენ, რომ დროებით ამ მაღაზიებმაც გააუქმონ გასახდელები, ეს მათი პირადი არჩევანი იქნება“.
როგორია გასახდელებში ინფიცირების რისკი?
ნინა სიფრაშვილს ჯინსი და მაისურები აქვს საყიდელი. მოსინჯვის გარეშე არასდროს შეუძენია ტანსაცმელი. ამიტომაც არ სწყალობს ონლაინ-შოპინგს. ყველაზე მეტად შარვლის მორგება უჭირს. იმის გამო, რომ მაღაზიების ნაწილი ორშაბათს გასახდელების გარეშე გაიხსნება, ფიქრობს ისეთი მაღაზია შეარჩიოს, სადაც ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებს:
„ადრე, ანუ, პანდემიამდე, ცხრაას შარვალს და კაბას რომ ვისინჯავდი, ალბათ ახლა ასე აღარ მოვიქცევი. ვერ ვიტყვი, რომ მეშინია, მაგრამ ალბათ, მაინც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. არადა, შოპინგის ხიბლიც ხომ ზუსტად ეს არის, მოირგო ბევრი რამ და მერე იქიდან საუკეთესო შეარჩიო. ალბათ დროებით მოგვიწევს ამ შეზღუდვებს დავემორჩილოთ“.
კარგად ნაცადი მეთოდის გამოყენებით მოერგება მაღაზიებში დაწესებულ შეზღუდვებს ეკა გოგია. უკვე არაერთი წელია ის ამ მეთოდით ყიდულობს ტანსაცმელს ოჯახის წევრებისთვის:
"ბავშვებს, როგორც წესი, ეზარებათ ხოლმე საყიდლებზე სიარული. ქმარი გვიანობამდე მუშაობს და თითქმის არასდროს სცალია ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შესაძენად. თუკი ბავშვების ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო, ქაღალდე ვხაზავ მათ ტერფებს, შემდეგ ვჭრი და მიმაქვს მაღაზიაში. გაითვალისწინეთ, რომ ქაღალდი უნდა ჩადოთ ფეხსაცმელში, არ მიადოთ ძირზე. რაც შეეხება შარვალს ან პერანგს ქმრისთვის, ძველი პერანგი ან შარვალი მიმაქვს ხოლმე მაღაზიაში. ვცდილობ, უკვე ნაყიდი ბრენდის ტანსაცმელი შევარჩიო, რომ ზომები უკეთ დაემთხვეს. დამაქვს ასევე სანტიმეტრი. თუმცა, ესეც გაითვალისწინეთ, ზომები უნდა აუღოთ ტანსაცმელს და არა ოჯახის წევრებს".
ვირუსოლოგი მაია ბუწაშვილი, საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას, როგორც საუკეთესოს, ასე აფასებს, მაგრამ ფიქრობს, რომ მიუხედავად ამ სიტუაციისა, ნაწილობრივ გამართლებულია მაღაზიებში გასახდელების დროებით დახურვის გადაწყვეტილება. თუმცა, ამასთანავე, ვირუსოლოგი იმასაც ამბობს, რომ ტანისამოსიდან ვირუსით ინფიცირების რისკი მინიმალურია:
„სულ უფრო და უფრო მეტი იწერება უკვე იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ვირუსი, მაგალითად, მატერიაზე რამდენიმე დღესაც კი ძლებდეს, ის სიცოცხლისუნარიანობას და ინფიცირების უნარს ვეღარ ინარჩუნებს. ანუ, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება, რომ არც ისეთი რისკია ნივთებიდან ინფიცირებისა, როგორც თავიდან გვეგონა. თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპისათვის, გასახდელების დროებით გაუქმება, არ არის ცუდი იდეა. ვიმეორებ, რომ ამ გზით გადაცემის რისკი უკიდურესად დაბალია, ანუ, უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანის სასუნთქი გზებიდან ამოსული წვეთები მოხვდეს ტანსაცმელზე და შემდეგ მალევე, სხვა ადამიანი ამ წვეთს ხელით უნდა შეეხოს და მან გადაინაცვლოს მის ლორწოვან გარსში, მაგრამ მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ რთულია ჰიგიენის კონტროლი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება გასახდელების დახურვა, ოღონდ იმ ვარაუდით, რომ ეს შეზღუდვა მალევე მოიხსნება“.
რაც შეეხება უკან დაბრუნებული ტანსაცმლის დეზინფექციასა და კარანტინში დატოვებას, მაია ბუწაშვილი ამბობს:
„დეზინფექციის ჩატარება, ანუ ე.წ. მშრალი ქიმწმენდა, ცოტა არარეალისტურად მეჩვენება, რადგან ტანსაცმლის ამ რეჟიმში გატარება, აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს რამდენიმე დღის განმავლობაში დააყოვნებენ ცალკე სივრცეში და შემდეგ დააბრუნებენ დარბაზში, ვფიქრობ, ეს სრულიად საკმარისი იქნება, რადგან რეალურად, ეს ვირუსი სიცოცხლისუნარიანობას დიდხანს ვერ ინარჩუნებს“.
არაერთი საერთაშორისო გამოკვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ჯერ მოისინჯოს და შემდეგ შეიძინოს.
სწორედ ამაზე მიუთითებს, ერთ-ერთი ასეთი ანგარიში, რომელიც ამერიკაში 2016 წელს გამოქვეყნდა და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობის მიმოხილვას შეეხება. გამოკითხული მომხმარებლის 76%-ს ურჩევნია, ტანისამოსი მოირგოს და ისე იყიდოს. კიდევ უფრო დიდია ფეხსაცმლის მოსინჯვის მსურველთა რიცხვი და ის 91%-ს აღწევს.
თუმცა, COVID19-ის პანდემია, როგორც ჩანს, მომხმარებელთა შეხედულებებსა და ქცევებს ცვლის. გამოკვლევა, რომელიც ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია „First Insight“-მა 2020 წლის აპრილის მიწურულს, ამერიკაში, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლების დაკვეთით ჩაატარა, აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას ურჩევნია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოისინჯოს და შემდეგ შეიძინოს, გამოკითხული ქალების 65% ამბობს, რომ COVID19-ის გავრცელების საფრთხის გამო, ტანსაცმლის მაღაზიების გასახდელ სივრცეებში ისინი თავს დაცულად ვერ იგრძნობენ. ანალოგიური პასუხი აქვს გამოკითხული კაცების 54%-ს. 25-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულთა 49% ამბობს, რომ მათთვის მაღაზიების გასახდელები არ იქნება უსაფრთხო სივრცე. ასეთივე პასუხი აქვს 40 წლიდან 65 წლამდე გამოკითხულთა 71%-ს.