Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი: "ერთმორწმუნე მტერი ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია"


მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ მიმართვაში იგი წერს, რომ ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება.

„როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენს თანამოქალაქეებამდე მივიტანოთ. მოდით, დღეს, 2020 წლის 26 მაისს დავიწყოთ ეს ყველაფერი“, - წერს ეპისკოპოსი ფეისბუკში.

იგი ამბობს, რომ დღეს, „რბილი ძალის“ გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეის მნიშვნელობა და აქტიურად ვრცელდება ე.წ. ნეიტრალიტეტის მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, ეპისკოპოსის შეფასებით, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა.

„წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი „ნეიტრალიტეტი“ აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას“, - აღნიშნავს ეპისკოპოსი, რომელიც თავის მიმართვაში „ერთმორწმუნე მტრის“ „ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაზეც“ ამახვილებს ყურადღებას:

„ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ „ერთმორწმუნე მტერი“ კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია.

დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე“, - წერს ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე. იგი ამბობს, რომ რეალურად მადლიერება გვმართებს დასავლელი პარტნიორებისა, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებიან საქართველოს:

„ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება. მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას“, - ამბობს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG