Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ბასილაშვილის მამას რომ ეძალადა, მასაც დააკავებდნენ


ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, ვინაიდან მას დანაშაული არ ჩაუდენია და მტკიცებულებები არ არსებობს.

ამასთან, მან პირდაპირ არ უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის მიმართ, როგორც ძალადობაში მონაწილე პირზე. თუმცა თქვა, რომ „თუკი ძალადობას ექნებოდა ადგილი, ბუნებრივია, მამაც იქნებოდა დაკავებული“. რადიო თავისულების კითხვაზე, ეს პასუხი ნიშნავს თუ არა იმის აღიარებას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაიდინა ძალადობა, ირმა ჭკადუამ უპასუხა, რომ „ბასილაშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობდა, რამაც ასახვა ჰპოვა იმაში, რომ ის გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ“.

პროკურორი ნათია გურულის ინფორმაციით, დაზარალებული ნიკოლოზ ბასილაშვილის მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ აღიარებს.

„ფაქტს, რომ მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი ვადასტურებთ, თუმცა მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებული არ აღიარებს.",- განაცხადა ნათია გურულმა.

100-ათასლარიანი გირაო შეეფარდა ოჯახში ძალადობის (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) მუხლით ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს. გირაოს გადასახდელად მას 30-დღიანი ვადა აქვს პატიმრობის უზრუნველყოფით.

საქართველოს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას​ მოითხოვდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით ძალადობაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.

ამავე თემაზე: ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სავარაუდოდ, ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული

XS
SM
MD
LG