საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონით მთავრობას მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობის ვადის მიღმა შეზღუდვა 15 ივლისამდე შეეძლება. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან კანონის განხილვის დროს განაცხადა.
"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები სახალხო დამცველთან, იურიდიულ კომიტეტთან, ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტთან. სახალხო დამცველის რეკომენდაციების, თითქმის, უდიდესი ნაწილი არის გათვალისწინებული, იურიდიული კომიტეტის შენიშვნებიც არის გათვალისწინებული. ვადასთან დაკავშირებით გავიარეთ კონსულტაციები. საკოორდინაციო საბჭოსაც წარვუდგინეთ ჩვენი მოსაზრება და მივიღეთ გადაწყვეტილება", - თქვა ხუნდაძემ.
მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას აღარ გეგმავს. თუმცა სურს, რომ 22 მაისის შემდეგ კვლავ ჰქონდეს რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა ისე, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აღარ მოუწიოს.
ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ დაგეგმილი ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. ამ დრომდე უმრავლესობა მსგავსი რეგულაციის განუსაზღვრელი ვადით ჩადებას ფიქრობდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ კონკრეტული ვადის ჩადების შესახებ თქვეს.