პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით საშემოსავლო გადასახადი დასაქმებულს უნდა დარჩეს და არა დამსაქმებელს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.
"საშემოსავლო გადასახადი არაპროფესიონალურად რომ ვთქვათ, ეს არის დასაქმებულის გადასახადი. რაც არ გინდათ შეღავათი გაუკეთოთ კომპანიას, ეს არის დასაქმებულის ფული. ამას უნდა დავარქვათ დასაქმებულის ფული და თუ ამას დავუტოვებთ ბიზნესს, ეს იქნება დასაქმებულისთვის წართმეული ფული", - თქვა ცქიტიშვილმა.
გიორგი კაკაურიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და საპარლამენტო მდივანმა მას უთხრა, რომ შეღავათის დაწესების მიზანი მეტი სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. მისივე განმარტებით, დასაქმების დროს მხარეები თანხმდებიან იმ კონკრეტულ თანხაზე, რასაც დასაქმებული ყოველთვიურად მიიღებს. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის დამსაქმებლისთვის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ ის იხდის ამ თანხას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია, რომელიც დასაქმებულს შეინარჩუნებს, 750 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდის.