საქართველოს მთავრობა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთებას ისევ გეგმავს. ამ მიზეზით ეკონომიკის სამინისტრო იურიდიულ კომპანიის დაიქირავებს, რომლისგანაც რეკომენდაციებს მიიღებს, ინვესტორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ხელშეკრულებას გააფორმებს. უწყებას ამ მომსახურებისთვის 1,2 მლნ ლარი აქვს განსაზღვრული.
"უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მომსახურების მიღება მოხდეს ყოველგვარი შეფერხებების და კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების მინიმუმამდე დაყვანის გზით, რათა არ შეფერხდეს ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმოება, სათანადო გადაწყვეტილებების მიღების საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილ იქნეს პროფესიონალური საკონსულტაციო მომსახურება და საინვესტიციო ხელშეკრულების პროექტის შემუშავება“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტისთვის იურიდიული მომსახურების შეძენის დასაბუთებისას.
დაახლოებით ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთის პორტის სრულ რეკონსტრუქციაზე ისაუბრა, თუმცა არ უხსენებია, რომ იგეგმებოდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ერთი კვირის წინ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ის უკვე ინფორმირებული იქნებოდა, რადგან ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მსგავსი წინადადებით ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 11 თებერვალს მიმართა.
ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ამ დრომდეც გავრცელდა ინფორმაცია. მაშინ ოპოზიციამ და თავად ანაკლიის კორსონციუმმა განაცხადეს, რომ ამით საფრთხე ექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.
ამის საპასუხოდ, დაახლოებით ერთი წლის წინ, ეკონომიკის მინისტრად ახალდანიშნული ნათია თურნავა აცხადებდა, რომ მაშინ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ინფორმირებული არ იყო. მაშინ თურნავამ თქვა, რომ დოკუმენტი გააუქმა, მისი გამცემი კი სამსახურიდან გათავისუფლდა.