რომ არა მტკვარი, არც თბილისი იქნებოდა. რომ არა მტკვარი და მისი განსაკუთრებული მიხრა-მოხრა, გავარვარებულ ტაფობში გაშენებული თბილისი, რომელიც შემოსაზღვრულია მთაწმინდით, შავნაბადათი, თაბორით, კოჯრით, მახათასა და ლოტკინის გორებით, ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.
რადგან მტკვარი იყო და არის თბილისის იერსახის განმსაზღვრელი, ამიტომ საინტერესოა როგორც მტკვრის დღევანდელი იერსახე, ასევე მისი ნაპირებიდან დანახული ქალაქის ფრაგმენტებიც.
თბილისის ფარგლებში მტკვარი დიდი ხანია, არ მიედინება ბუნებრივ კალაპოტში, თუმცა მანამდეც, ვიდრე მტკვარს ბეტონის ჯებირებში მოაქცევდნენ, თბილისის დიდი პატრიოტები ლაპარაკობდნენ ორ მტკვარზე: პირველი, რომელიც თბილისის ფარგლებს გარეთაა და მეორე, რომელიც თბილისის საზღვრებში მიედინება.
"მტკვარი ქალაქის ფარგლებს გარეთ სხვანაიარდ მიედინებოდა, თითქოს სხვა მდინარე იყო, ქართლში, გორის მახლობლად ან ქვიშხეთთან მას სხვანაირად აღვიქვამდი, ვუმზერდი, როგორც უცხოს და შორებელს“, - წერდა არჩილ სულაკაური, - „მერმე მეჩვენებოდა, თბილისში შემოსვლისთანავე ზნესაც და ფერსაც იცვლიდა ხოლმე, თითქოს სხვა აზრით იყო დატვირთული ანდა სხვა მისია ჰქონდა დაკისრებული: ორთაჭალას ჩაუვლიდა, თბილისს გასცდებოდა და ისევ ჰკარგავდა თავის თბილისურ იერს, აზრსა და დანიშნულებას.“
მტკვარს, თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ბევრჯერ შეეცვალა იერი, თუმცა მისი დღევანდელი სახის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა 1954 წელს აშენებულმა ორთაჭალჰესმა, რომლის კაშხალი აგუბებს მტკვარს, არეგულირებს მდინარის დონეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში და შესაძლებელს ხდის მტკვარზე ნაოსნობას.
დღეს წარმოუდგენელია თბილისი შეგუბებული მტკვრისა და მასში ჩაშვებული, ტურისტების საყვარელი სატრანსპორტო საშუალებების - კატარღებისა და ტივების გარეშე, არადა, ორთაჭალჰესის მშენებლობის დროს, თავდაპირველად ისეთი პროექტი განიხილებოდა, რომლის განხორციელების შემთხვევაში თბილისელებს მტკვარი საერთოდ სანატრელი გაუხდებოდათ.
„11 მეტრი სიმაღლის კაშხალი უნდა აღმართულიყო. საგენერატორო შენობა იქვე, კაშხალთან, მტკვრის მარჯვენა მხარეზე განლაგდებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ 13,9 მეტრი დაწვენა მიეღოთ, ის მიწაში ღრმად ჯდებოდა. ამის გამო ნამუშევარი წყლის მდინარეში დასაბრუნებლად საჭირო იყო 300-მეტრიანი გვირაბის და 1800 მეტრი სიგრძის არხის გათხრა. ეს კი ნიშნავდა, რომ ქალაქის დასახლებულ ნაწილში მტკვრის ბუნებრივი კალაპოტი 9-10 თვე მშრალი დარჩებოდა“ (კ. ჩარკვიანი, „განცდილი და ნააზრევი“).
მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, რას დაემსგავსებოდნენ თბილისის ულამაზესი პეიზაჟები მტკვრის გარეშე, რაღა ფასი ექნებოდა მტკვრის მარცხენა ქარაფოვან ნაწილზე გადმოკიდებულ აივნებიან სახლებს, მეტეხის ტაძარსა და ვახტანგ გორგასლის ძეგლს?
ვიდრე მტკვარს შეაგუბებდნენ, მტკვარზე ცხოვრებაც ისე დუღდა, როგორც დუღდა ხოლმე გაზაფხულზე ადიდებული მდინარე. განსაკუთრებული კოლორიტის მატარებელი იყო მეტეხის, მუხრანისა (ბარათაშვილის) და ვორონცოვის (ზაარბრუკენის) ხიდების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც მტკვარი, მტკვრისპირა ეზოები, მტკვარზე გადმოფენილი აივვნები ძველი თბილისის განუმეორებელ იერს ქმნიდნენ. „მშრალი ხიდიც“ ყოველთვის კი არ იყო ასეთი მშრალი...
მტკვარი ნელ-ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად იბრუნებს ადგილს თბილისის ცხოვრებაში. ტურისტებითა და ადგილობრივებით გადავსებული ევროპის პარკი რიყეზე და მასთან დამაკავშირებელი „მშვიდობის ხიდი“ ამის კარგი მაგალითია.
მტკვარზე აღარ დარჩა არც ერთი ქარვასლა - ძველი თბილსის ყველაზე შთამბეჭდავი პეიზაჟების განუყოველი ექსპონატები. სამაგიეროდ მტკვარი, უფრო სწორად მტკვრის სანაპიროა მუდამ ხალხმრავალი იუსტიციის სახლის მისამართი.
თბილისის პატრიოტები სიყვარულით ლაპარაკობენ მტკვრის მრავალფეროვნების (პირდაპირი მნიშვნელობით მრავალი ფერის) შესახებ. წელიწადის სხვადასხვა დროს მტკვარს მართლაც განსხვავებული ფერი აქვს: ის ხან, როგორც გალაკტიონი იტყოდა, კაკაოსფერია, ხან მომწვანოა და ხანაც - მოყვითალო... ეგ კი არა, ქალაქის სხვა და სხვა ნაწილშიც კი მტკვარს განსხვავებული ფერი აქვს. დინების განსხვავებული სიჩქარის გამო, ერთია მტკვარი ვახუშიტის ხიდთან და სულ სხვა - ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) ხიდთან.
„მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო“, - წერდა საიათნოვა თავის ერთ-ერთი ლექსში იმ დროს, როცა „მტკვრის მღვრიე ტალღებს, შვილოსა,/ სვამდნენ ვით კახურ ღვინოსა”. ბევრმა არ იცის, რომ მტკვარი უბრალოდ მღვრიე მდინარეა და არა - ბინძური. მტკვრის საშუალო სიმღვრივე 1950 გრამია კუბურ მეტრში, მაშინ როცა დნეპრისა 465-ია, დონის - 234, ხოლო ვოლგის - 105.
მტკვრის ფერი, განსაკუთრებით გაზაფხულობით, მტკვრის მთავარი სტიგმაა. ბევრი მიიჩნევს, რომ მტკვარი უსაშველოდ ბინძური და ტოქსიკური მდინარეა. ამ სტიგმას აძლიერებს წყლის სპეციფიკური სუნი თბილისის ცენტრალურ ნაწილში. არადა, სინამდვილეში მტკვარს მღვრიე ფერს აძლევს ნაპირებიდან გადმორეცხილი თიხა და თიხაქვიშა, ხოლო სუნს - შეგუბება და გოგირდის წყლები.
თბილისში მტკვარი განსაკუთრებულად ლამაზია ზამთარსა და ზაფხულში, როცა მდინარეში წყალი, შესაბამისად, მუქი და ღია მწვანე ფერისაა.