ევროპარლამენტის წევრი მიხაელ გალერი აცხადებს, რომ დასავლელი მეგობრები საქართველოს ხელისუფლებისგან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან. სოციალური ქსელის "ტვიტერის" გვერდზე გერმანელი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტია-ქრისტიან დემოკრატების წევრი წერს, რომ ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
"ისინი ნიადაგს სინჯავენ, აგრძელებენ, თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოლოდინს. კი, აგრძელებენ. ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”, - აღნიშნავს მიხაელ გალერი.
მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების შინაარსი და სულისკვეთება ყველა პარტიამ უნდა დაიცვას.
„ეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი ზრახვების ლაკმუსის ტესტია“,- წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
8 მაისს საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმაც მოუწოდა.
ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.
11 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების მონაწილე აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს თხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.
აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე საპასუხოდ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.
იმავე დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.