საქართველოში ჰიდროენერგეტიკისა და დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების თაობაზე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისი საკუთარ პოზიციას აქვეყნებს. ის უკანასკნელ პერიოდში რაჭაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შესაძლებლობასთან და დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, გამოთქვამს, როგორც ზოგად პოზიციას, ასევე კონკრეტულ მოსაზრებას რაჭაში არსებული სიტუაციის გარშემო.
„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ზოგადი პოზიცია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ცნობილია: მართებული ჰესი - მართებულ ადგილზე. „მართებული ჰესი“ ნიშნავს - უახლესი, ბუნებისადმი დამზოგავი და მინიმალური ზიანის მომტანი ტექნოლოგიებით აშენებულს, ხოლო „მართებულ ადგილზე“ ნიშნავს - ადგილის შერჩევისას სტრატეგიული დაგეგმარების შედეგებისა და მდგრადი განვითარების სამივე შემადგენელი კომპონენტის გათვალისწინებას - არა მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკურის, არამედ და თანაბრად სოციალურ-კულტურულის და ეკოლოგიურის. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ეწინააღმდეგება ჰესების ყველა იმ პროექტს, რომელთა დაგეგმვა და განვითარება არ შეესაბამება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპებს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისის მოსაზრებით,
- ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენება უნდა ემყარებოდეს საფუძვლიან სტრატეგიულ გარემოსდაცვით და სოციალურ შეფასებებს;
- აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამოყენების დაგეგმვისა და ცალკეული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება;
- ახალი ჰესების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულყოფილად უნდა იქნას განხილული ყველა შესაძლო ალტერნატივა, განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების ჩათვლით, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან ბუნებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზიანო გადაწყვეტილებები;
- ჰესები არ უნდა შენდებოდნენ „არამართებულ ადგილებზე“ და ზემოქმედებას არ უნდა ახდენდნენ მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემებზე. შესაბამისად, აუცილებელია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე მტკნარი წყლის ეკოსისტემების დაცვის მიზნით პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი გათვალისწინება.
WWF-ის კავკასიის ოფისი მიიჩნევს, რომ რაჭა და მდ. რიონი ჰესის მშენებლობისთვის მართებული ადგილი არ არის:
- რეგიონში ზოგადად სეისმურად მეტისმეტად მგრძნობიარე გეოეკოლოგიური ბალანსია, რაც ზრდის მოვლენების შესაძლო კატასტროფული განვითარების რისკს;
- რიონის ჭალებს საერთაშორისო ეკოსისტემური მნიშვნელობა აქვს (ადგილსამყოფელების/ჰაბიტატების ეს ტიპი ბერნის კონვენციის შესაბამის ნუსხაშია შეტანილი);
- მდ. რიონი მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე ეკოსისტემაა - ის ერთ-ერთია მსოფლიოს იმ რამდენიმე მდინარიდან, სადაც ჯერ კიდევ ხდება გლობალურად კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ზუთხისებრთა სახეობების ბუნებრივ პირობებში გამრავლება. ამ თვალსაზრისით კი მდ. რიონი ერთადერთი და შეუცვლელია შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მდ. რიონზე დამატებითი ჰესების კასკადის მშენებლობა და ოპერირება კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ზუთხისებრთა ისედაც შემცირებულ სატოფო ადგილებს და საბოლოოდ, ზუთხისებრთა დაცვასა და შენარჩუნებას; და
- ეჭვგარეშეა, რომ აუნაზღაურებელი ზიანი მიადგება გენეტიკურ მრავალფეროვნებას, რომელიც ამ რეგიონში უნიკალური აგრო-ბიომრავალფეროვნებით და გნებავთ ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობითაა გამოსახული, სახელდობრ - ვაზის უიშვიათესი, მსოფლიოსთვის უნიკალური ჯიშებით. ყველაფერ ამასთან, რაჭის ტურისტული პოტენციალი ერთი-ათად შემცირდება.
„რაჭას ჰესების კასკადი კი არა, დიდი ეროვნული პარკი ესაჭიროება - ბუნებაც დაცული იქნება, მიწაც არ გასხვისდება (ტყე, საძოვარი), ხალხიც დაკმაყოფილდება შეშით თუ სხვა ბიოლოგიური რესურსებით და, ამასთან, ადგილობრივები პარკში დასაქმდებიან და ეროვნული პარკი (როგორც „ბრენდი“) ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პარკი დაიგეგმა, შემდეგ ხელისუფლების ტექნიკური ნაწილის მოთხოვნით გადაიგეგმა და მაინც დღემდე არ დაარსდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარეზე რიონზე ჰიდროელექროსადგურ „ონის კასკადის“ მშენებლობაზე სამინისტრომ გარემოსდაცვითი ნებართვა 17 მარტს გასცა.