4 თვის ბარბარე, თბილისის რეფერალური ჰოსპიტლიდან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში, სოციალურმა მუშაკმა 8 მაისს გადაიყვანა.
ბარბარე მუცლად ყოფნის მეექვსე თვეს, ნაადრევად, 21 იანვარს, საკეისრო კვეთით დაიბადა. ბარბარეს დედა, 32 წლის მარიამ გეთიაშვილი, კლინიკიდან ორი კვირის თავზე გაწერეს. ჩვილი კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჰოსპიტალში დარჩა.
მარიამის თქმით, ექიმები მას ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაჰპირდნენ, რომ შვილის სახლში წაყვანას სამ თვეში შეძლებდა, თუმცა, როგორც ამბობს, 8 მაისს, ის სოციალურმა მუშაკმა ფაქტის წინაშე დააყენა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბარბარე სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში წაიყვანეს:
„მართალია, ოჯახში ნამდვილად არ გვაქვს კარგი პირობები, ერთ პატარა ოთახში ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი ჩვენს ორ შვილთან ერთად, მაგრამ არ გვცივა და არ გვშია. როგორც უფროს შვილებს ვუვლი და ვზრდი, მასაც ისე მივხედავდი და მის დასაძინებელ ადგილსაც გამოვნახავდით ოთახში. სოციალურმა მუშაკმა კი ისე, რომ არც გავუფრთხილებივართ, ბავშვი წაიყვანა. სახლში ვიყავით რომ დამირეკეს, ბავშვი უნდა გადავიყვანოთო. ტაქსის ფული მეზობელმა გვასესხა, გავიქეცით საავადმყოფოში, მაგრამ ბავშვი უკვე მიჰყავდათ. წინააღმდეგობის გაწევა რომ დავაპირეთ, პოლიციამ შეგვაშინა, ბორკილებს დაგადებთო“.
მარიამსა და მის მეუღლეს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოსგან ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მათი შვილი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაშია გადაყვანილი, ჯერ არ ჩაჰბარებია. ბარბარეს მშობლებს არ აქვთ ზუსტი, დასაბუთებული პასუხი კითხვაზე, რატომ მიიღო სააგენტომ უკიდურესი - ჩვილის მშობლებისგან განცალკევების გადაწყვეტილება:
„ვერ ვხვდებით, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. სანამ საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდებოდა და ტრანსპორტი გაჩერდებოდა, კვირაში ორჯერაც კი მივდიოდი საავადმყოფოში ბავშვის ამბის გასაგებად. ვკითხულობდი, როგორ ჭამს, რამდენი გრამი მოიმატა, რამდენი დაიკლო. ექიმისგან არაფერი მსმენია, რომ ბავშვის წაყვანას გეგმავდნენ. მერე ტრანსპორტი გაჩერდა და ვეღარ ვახერხებდი ფეხით საავადმყოფომდე მისვლას. ტაქსის ფული კი არ გვქონდა. ბარბარეს ამბავს ტელეფონით ვკითხულობდი“, - ამბობს მარიამი.
თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის პედიატრიის განყოფილების ექიმის, ქეთევან შარანგიას თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ჩვილის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამოიკვეთა, რომ დღენაკლული ახალშობილის მოვლას, მისი მშობლები ვერ შეძლებდნენ. ის იმასაც ამბობს, რომ ჩვილი დედამ მხოლოდ ერთხელ მოიკითხა:
„ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც დედამ მოგვმართა გაწერის თაობაზე და იმ მომენტში ბავშვი არ იყო გასაწერი, ბავშვი იმყოფებოდა ზონდ-კვებაზე და მას ბინის პირობებში ვერ მოუვლიდნენ“.
მარიამ გეთიაშვილი და ალექსანდრე აბოვიანი თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, 13 სულიან ოჯახში ცხოვრობენ. ბარბარეს გარდა ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის ანა-მარია და 6 წლის გიორგი. ისინი სახლის ერთ ოთახში არიან დაბინავებულები. აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. ალექსანდრე სახლთან ახლოს ე.წ. სტაიანშიკად მუშაობს. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ალექსანდრეს გამომუშავებული თანხა და სოციალური შემწეობაა.
რატომ მიიღო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ უკიდურესი გადაწყვეტილება?
ამ კითხვაზე სააგენტო რადიო თავისუფლებას კონკრეტულ პასუხს არ აძლევს. სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია, საქმეში ფიგურირებს ჩვილი და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ლაპარაკის უფლება არ აქვს. რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, მერი მაღლაფერიძის თქმით, სააგენტო ჩვილის საქმეში ჯერ კიდევ თებერვლიდან ჩაერთო:
„კლინიკასთან გვქონდა ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. იყო გარკვეული გარემოებები, რის გამოც გადაწყდა ამ საქმეში ჩვენი ჩართვა. ისევ და ისევ ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დეტალებზე, ვერ ვილაპარაკებ. ბავშვთან დაკავშირებული შემთხვევაა. დამერწმუნეთ, რომ დოკუმენტაცია ადგილზეა, შეფასება გაკეთებულია კანონის შესაბამისად. გვესმის, ეს ძალინ რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არის ჩვენი უწყების ვალი და ფუნქცია, რომ ზოგჯერ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება იმისათვის, რომ შემდგომში, თავიდან ავირიდოთ უფრო სერიოზული საფრთხეები. უმჯობესი იყო, რომ ბავშვი გაგვეცალკევებინა ოჯახიდან“.
მერი მაღლაფერიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააგენტო ამ ოჯახის საქმით დაინტერესდა. როგორც ირკვევა, სააგენტო ოჯახთან უკვე არაერთი წელია მუშაობს:
„ოჯახთან ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა მიზეზის გამო. ისინი ჩვენს ერთ-ერთ პროგრამაში არიან ჩართულები, უბრალოდ, სამწუხაროდ, ამაზე ასე ღიად ვერ ვილაპარაკებთ, ბევრი კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველია ეს საკითხი. საქმე ბავშვების მდგომარეობას ეხება და მათი სტიგმატიზაცია უნდა ავირიდოთ თავიდან“.
ხომ არ ეხება საქმე ოჯახში ბავშვებზე ძალადობის ფაქტს? ამ კითხვაზე მერი მაღლაფერიძე გვპასუხობს:
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ ყოფილა ძალადობის ფაქტები, რადგან მაშინ სხვა ღონისძიებები იქნებოდა გატარებული. თუმცა, იყო შემთხვევები, რის გამოც დიდი ხანია ამ ოჯახთან ვმუშაობთ. ოჯახში არის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და სწორედ მათთან დაკავშირებით არსებობდა პრობლემა და ამის გამო ვთანამშრომლობთ ოჯახთან“, - ამბობს მერი მაღლაფერიძე.
მისივე თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ მშობლებმა წინასწარ არ იცოდნენ ჩვილის სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ:
„ოჯახისთვის ამის შესახებ ცნობილი იყო. სოციალური მუშაკი მათ მანამდე შეხვდა. რამდენჯერმე ჰქონდა ოჯახთან ურთიერთობა. ასევე ესაუბრა რეინტეგრაციის პროგრამაზეც, ანუ, რა ღონისძიებებია საჭირო იმისათვის, რომ მომავალში ბავშვის ოჯახში დაბრუნება გახდეს შესაძლებელი“.
რატომ გააფრთხილა ოჯახი სოციალურმა მუშაკმა რამდენიმე წლის წინ?
ის, რომ რამდენიმე თვის წინ ოჯახში სოციალური მუშაკი ნამდვილად იყო მისული, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს მათი მეზობელი, ხათუნა ჯახაიაც. თუმცა, როგორც ის ამბობს, მას ოჯახისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ სააგენტო ჩვილის წაყვანას გეგმავდა:
„დიახ, ამ ოჯახს მართლაც ძალიან უჭირს, მაგრამ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეეძლო ამ ოჯახისთვის დახმარება გაეწია და ბავშვი არ წაეყვანათ. პირობები შეექმნათ, ქირით გაეყვანათ. ამ ბავშვის გარდა, ოჯახში კიდევ ორი მცირეწლოვანი იზრდება, მაშ, ის ბავშვები რატომ რჩებიან ოჯახში, თუკი რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას და საფრთხეს ხედავენ?“.
ხათუნა ჯახაია იმასაც ადასტურებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან მუშაობს:
„ბავშვის მამას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა და ვეღარ მუშაობდა. მაშინ ჯერ კიდევ ერთი შვილი ჰყავდათ და მარიამი იძულებული შეიქმნა, დღეში ერთი საათით, ვარკეთილის მეტროსთან გასულიყო მოწყალების სათხოვნელად. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბავშვებიც დადიოდნენ მოწყალების სათხოვნელად, რაც არ არის სიმართლე. მაშინ მათ ერთი შვილი ჰყავდა, ბავშვს დედამთილთან ტოვებდა და თვითონ მიდიოდა. მაშინ სოციალური მომსახურების სააგენტომ მარიამს გაფრთხილება მისცა. იმ პერიოდში ოჯახი უკვე სოციალურ დახმარებას იღებდა, ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით ბაღში დადიოდა და გააფრთხილეს, რომ მოწყალების სათხოვნელად აღარ გასულიყო. მას მერე მარიამი ქუჩაში ფულის სათხოვნელად აღარ გასულა“.
შეუძლიათ თუ არა მშობლებს შვილის მონახულება?
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადადის, მშობლის უფლება ავტომატურად იზღუდება. თუმცა, როგორც მერი მაღლაფერიძე განმარტავს, მშობელს აქვს უფლება, მიმართოს სააგენტოს და მოიპოვოს ბავშვის გამყვან ან მნახველ პირად დარეგისტრირება:
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელს ამ უფლებას აუცილებლად მივანიჭებთ. თავდაპირველად უნდა მოხდეს სიტუაციის შეფასება და თუკი სააგენტო დარწმუნდება, რომ მშობელი ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ მშობელი ამ სტატუსს მოიპოვებს. ჩვილის დედას შეუძლია ნებისმიერ დროს მოგვმართოს და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ბავშვის ოჯახისგან განცალკევება, ეს არის უკიდურესი ზომა, რისი მიზეზიც შეიძლება იყო მაგალითად, ძალადობა, მშობლის მიერ ბავშვის უგულვებელყოფა, მშობლის არასათანადო უნარები და ა.შ. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ხოლმე იმისათვის, რომ ამ შედეგამდე არ მივიდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ოჯახთან მუშაობას შევძლებთ, რაკიღა ისინი უკვე ჩართულნი არიან ჩვენს სხვა პროგრამებში“.
რა დარღვევა იკვეთება სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებაში?
მარიამ გეთიაშვილისა და ალექსანდრე აბოვიანის უფლებებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“. ამ ეტაპზე, ისინი საქმის დეტალებს
სწავლობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, საქმეში ზედაპირზე დევს ერთ-ერთი მთავარი პროცედურული დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ მშობლებმა ამ დრომდე არ იციან, კონკრეტულად რის გამო გადაიყვანეს მათი შვილი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში:
„სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამის შესახებ ოფიციალურად არ არის ინფორმირებული ოჯახი. მათ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ მიუღიათ. სააგენტოს არ გაუფრთხილებია ოჯახი, თუ რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა იმისათვის, რომ ბავშვს ოჯახისგან აცალკევებდნენ - ეს იყო რაიმე სუბიექტური ფაქტორი, ძალადობის საფრთხე, მშობლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულების საფრთხე თუ ეკონომიკური სიდუხჭირე, შეუფერებელი საცხოვრებელი გარემო და ა.შ. მათ არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება ხელში არ უჭირავთ. უკვე რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ოჯახს არანაირი დოკუმენტი არ გადასცემია. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავარკვიოთ ამ გადაწყვეტილების საფუძვლები. ანალიზის შედეგად გამოჩნდება, იყო თუ არა სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება სწორი და ბავშვის საუკეთესო ინტერესების მატარებელი“.
ანა აბაშიძეს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთი მთავარი კითხვაც აქვს:
„თუკი სოციალურმა მუშაკმა პრობლემა გამოკვეთა მესამე ბავშვის შემთხვევაში, რატომ არ იკვეთება ეს პრობლემა სხვა მცირეწლოვნებთან მიმართებაში, რომლებიც ისევ რჩებიან ოჯახში? როგორც შეიძლება ერთი ბავშვისთვის ჩათვალო ოჯახში არსებული სიტუაცია არაკეთილსაიმედოდ და სხვა ბავშვებისთვის არა. ამიტომ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწევს“.
ოჯახის უფლებების დამცველი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ თუკი სოციალური მომსახურების სააგენტოს ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი, მხოლოდ და მხოლოდ, ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირეა, არ არის გამორიცხული, რომ მათ სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყონ:
„თუ ამ ოჯახში არის მხოლოდ ეკონომიკური გაჭირვება და არანაირი სხვა სუბიექტური ფაქტორი, მაგალითად, ძალადობა, მშობლის მოვალეობის არასათანადოდ შესრულება და ა.შ, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა ოჯახების გაძლიერება და არა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ამგვარ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მყისიერი საფრთხე. ჩვენ ახლა უნდა შევაფასოთ სააგენტოს გადაწყვეტილება, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება იმ სიტუაციის პროპორციული, რა მდგომარეობაც დღეს ოჯახს აქვს. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს არის მხოლოდ კითხვები. ჩვენ არ გვინახავს არანაირი გადაწყვეტილება, არანაირი დასაბუთება. ყველა ამ დეტალის შესწავლის შემდეგ, შევძლებთ ვილაპარაკოთ, იყო თუ არა სააგენტოს გადაწყვეტილება მართებული. და თუკი ჩვენ შევაფასებთ, რომ ოჯახის გაძლიერების მაგივრად, სააგენტომ მიიღო მათთვის უფრო ადვილი, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება ბავშვთან მიმართებაში, მაშინ, დიდი ალბათობით, დავიწყებთ სასამართლო დავას სააგენტოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ხანდახან სახელმწიფოებს უწევთ და გამართლებულია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა და საჭიროება სააგენტომ უნდა დაამტკიცოს“.