გოჩა გაბოძემ პირბადე გაიკეთა და ეკრანი გაასწორა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, დისტანციურ ინტერვიუზე შევთანხმდით, თუმცა, პირბადე, ამჯერად, კორონავირუსისგან დასაცავად არ გაუკეთებია:
„კბილი მომტყდა და ვერ ვიმკურნალე. ჯობს, მეკეთოს“, - ასე დაიწყო.
"მეგონა, ჩემი ეშინოდათ" - ბარიერები აივ/შიდსის მქონე ადამიანებისთვის
შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აივით დაინფიცირების ამბავი გაიგო. გოჩა გაბოძე საქართველოში პირველი აივ დადებითი პაციენტი იყო, ვინც ამაზე ღიად ლაპარაკი დაიწყო და ტელეკამერების წინ გამოჩნდა.
მერე კი თავადაც დააფუძნა “ასოციაცია ბროწეული”, რომელიც აივ/შიდსის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრების, პარტნიორების, აივ/შიდსის რისკ ჯგუფების წარმომადგენელთა და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალთა გაერთიანებაა და რომლის მიზანიც დღეს აივ- შიდსის მქონე პირთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის და შესაბამისი გარემოს გაუმჯობესებაა.
მთლად "დამნაშავე" კოვიდ 19-ის პანდემია არ აღმოჩნდა იმაში, რომ გოჩამ სტომატოლოგიური დახმარების მიღება ვერ შეძლო, პანდემია მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი გახდა - მარტში, როცა შესაბამისი კლინიკა იპოვა და მკურნალობა დაიწყო, ყველაფერი დაიკეტა.
მაგრამ მანამდე გრძელი გზა იყო.
„მქონდა განცდა, რომ მათ ჩემი ეშინოდათ“, - უარით ხშირად ისტუმრებდნენ. პაციენტის კეთილი ნებაა, გააფრთხილოს სტომატოლოგი (ექიმი) თავისი დიაგნოზის შესახებ და როცა გოჩა ამას აკეთებდა, მომსახურებაზე პირდაპირ ან ირიბ უარს იღებდა.
ხან სტერილიზაციის აპარატის უქონლობას იმიზეზებდნენ, ხან მარტში მისულს - მაისში წერდნენ ვიზიტზე. ბოლოს, როგორც იქნა მიიღო ერთ-ერთმა კლინიკამ, მაგრამ პანდემია წამოეწიათ.
„წამლები, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ, ნივთიერებათა ცვლას იწვევს და მუდმივად გვჭირდება სხვადასხვა მინერალების დამატება - ხან დე ვიტამინის ხან კალციუმის... ხშირად ანალიზებიც არასრულად გვიტარდება. ჩემს ორგანიზმს რომ რაღაც აკლდა, ეს მას მერე აღმოვაჩინე, რაც კბილების პრობლემის წინ დავდექი“.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, როგორც შეიძლება გაუჭირდეს საქართველოში აივ-დადებით პაციენტს ერთი შეხედვით მარტივი სამედიცინო დახმარების მიღება.
თუმცა, როგორც გოჩა გაბოძე ამბობს, ასეთი დაბრკოლებები არის ყოველ ფეხის ნაბიჯზე. და როგორც ჩანს, არა მხოლოდ საქართველოში, რადგან წელს, შიდსით გარდაცვლილთა დღესთან დაკავშირებული გლობალური კამპანიის მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის:არავინ დატოვო ჯანდაცვის სერვისების მიღმა.
„აივ-დადებით პირთა გლობალური ქსელის“ ორგანიზებულ ამ კამპანიას წელს მესამედ შეუერთდა გოჩას „ბროწეულიც“ და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანები გააერთიანა.
გოჩა ამბობს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა ექმნებათ არა მხოლოდ აივ-დადებით ადამიანებს, არამედ სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უმცირესობების წარმომადგენლებს.
ეს ადამიანები ჯანმრთელობის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლამ გააერთიანა, რომლის საბოლოო მიზანიც საქართველოში საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ჯანდაცვის სისტემის შეცვლაა.
„ბროწეული კი სიმბოლოა - მისი ერთი მარცვალი სისხლის წვეთს ჰგავს. ჩემთვის ეს ერთი მთლიანობის ნიშანია. თან იმუნოსტიმულატორი, რომელიც უკეთ ყოფნაში გვეხმარება. ჩემი შთაგონების წყარო ფარაჯანოვის ფილმიც გახდა „ბროწეულის ფერი“, რადგან ჩემთვის ფარაჯანოვიც იმ თაობის სიმბოლოა, რომელიც საბჭოთა კავშირსა და საქართველოში შიდსის ეპიდემიას ემსხვერპლა“.
ასოციაცია ბროწეული კი ამ გლობალურ კამპანიაში საკუთარი, შიდსის პანდემიის მსხვერპლთა მოსაგონრად და აივ-დადებით პირთა სოლიდარობისთვის გამართული ვირუსული ონლაინ კამპანიით „სიჩუმე=სიკვდილს“ ჩაერთო.
ბროწეული აიღო ხელში დაუნის სინდრომის მქონე გიგო შიუკაშვილმაც და ასე გამოუცხადა სოლიდაობა აივ-ინფიცირებულ ადამიანებს. გიგომ უკვე იცის, რა მნიშვნელოვანია, რომ მის მეგობრებს ჰქონდეთ საჭირო წამალი.
„გოჩა ხომ დამიდგა გვერდზე მე და ჩემს მეგობრებს? გახსოვთ, დაუნის სინდრომის დღემ გიგოს ფონდი და მთელი ეგ ამბები? ახლა მე ვდგავარ გოჩას გვერდით, მეც და სხვებიც. და ეს კარგია. მე მომწონს ეს კამპანია. აი, მე დავიჭირე ხელში ბროწეული, და ამით ვთქვი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წამალი და სხვა ყველაფერიც, რაც მას სჭირდება. იმიტომ, რომ თუ ჩემი მეგობარი წამალს დალევს, ის უკეთ გახდება“, - ამბობს გიგო. ნახე ჩემი ვიდეო? ბოლოს ამატებს. ნახე, იქ კარგ რამეებს ვამბობთ.
წამლის რიგში დაკარგული კონფიდენციალობა
მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემების გარდა (საქართველოში ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ საქართველოში არსებულ 4 ინფექციურ საავადმყოფოს მიერ ხდება, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე - გ.გ), არის დღემდე გადაუჭრელი - პაციენტთა კონფიდენციალობის დაცვის პრობლემა.
სტიგმა რომ დღემდე დაუძლეველია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ღიად თავის დიაგნოზსა და გამოცდილებაზე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ლაპარაკობენ. დანარჩენს ყველას ჩრდილში დარჩენა ურჩევნია.
მაგრამ ამ არჩევნის უფლება მათთვის საჭირო წამლის რიგში ირღვევა. იქ ყველამ იცის ერთმანეთის დიაგნოზი. ხოლო იმ დავთარში, როგორც გოჩა გაბოძე ეძახის აღრიცხვის რვეულს, სადაც წამლის მიღების შემდეგ ხელს აწერენ, ძალაუნებურად, სხვების სახელსა და გვარსაც კითხულობ.
გოჩას დიაგნოზიც ასე გაიგეს მისმა ნათესავებმა - ჯერ წამლის რიგში დაინახა ვიღაცამ, მერე გოჩას ახლობელს უთხრა. თუმცა ეს გოჩას შემთხვევაში იყო შედარებით უმტკივნეული, რაკი არ მალავდა საკუთარ დიაგნოზს და ღიად ბრძოლაც ჰქონდა გადაწყვეტილი, თორემ არავინ არის ვალდებული ღიად გამოაცხადოს, რომ მას შიდსი აქვს.
„აუღებელ ციხე-სიმაგრედ გვექცა ეს ამბავი, რომ ელექტრონულად შევძლოთ ხელმოწერა. ერთადერთი, რასაც ხშირი გაპროტესტებით მივაღწიეთ ის არის, რომ იმ ჟურნალში, სახელებს და გვარებს, ხელმოწერის დროს ფურცელს აფარებენ ხოლმე“, - ამბობს გოჩა გაბოძე.
საქართველოში აივ/შიდსმა 1 674 ადამიანი შეიწირა ანუ ყოველი მეხუთე, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუსვეს.
2020 წლის აპრილის მონაცემებით, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:აივ-ით ინფიცირების 8269 შემთხვევა.
ამავე ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს გამოვლინდა 167 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 5202 (მათ შორის აფხაზეთში - 577) პაციენტი.
თუმცა ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში გაცილებით მეტია და ეს რიცხვი, შესაძლოა, 9400-ს აღწევდეს.
მეოთხე შვილის მოლოდინში
თამუნა გახოკიძე, კიდევ ერთი აივ-დადებითი ადამიანია, რომელიც ციხეში ყოფნისას დაინფიცირდა - მაშინ ის მხოლოდ 25 წლის იყო. ერთი შვილი ჰყავდა და როგორც დღეს იხსენებს და უკვე 12 წელია გასული), მაშინ ამ დიაგნოზმა მთელი მისი ცხოვრება ამოატრიალა. დღეს - მეოთხე ბავშვს ელოდება.
„მაშინ მითხრეს, მაქსიმუმ 10 წელი იცოცხლებო. ათიც გავიდა და მეტიც. თუმცა მაშინ ეს ძალიან მძიმე მოსასმენი ამბავი იყო. შიდსის შესახებ კი მხოლოდ ის გამეგო, რომ გადამდები და მომაკვდინებელი ვირუსი იყო. როცა ციხიდან გამოვედი, ვფიქრობდი, უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც სახეს არ დამალავს და ამაზე ხმამაღლა ილაპარაკებს-მეთქი. გამოცდილებაზე, სირთულეებზე, გრძნობებზე. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ერთ-ერთი მე ვიქნებოდი, ვინც ამას იზამდა“.
გოჩაც და თამუნაც ამბობენ, რომ ღიად და ხმამაღლა ლაპარაკობენ ერთი მიზნისთვის - ორივეს სურს ცვლილება უკეთესობისკენ.
როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ჯერ მათი ჩრდილში მყოფი მეგობრებისთვის.
იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, იგრძნონ საზოგადოების მხარდაჭერა.