კონტაქტების დადგენისთვის შექმნილი აპლიკაციის Stop Covid-ის არც ერთ მომხმარებელს არ მიუღია შეტყობინება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid 16 აპრილს ამოქმედდა. მას შემდეგ 20 დღე გავიდა. დროის ამ მონაკვეთში Covid-19 დაუდასტურდა 270-მდე ადამიანს, თუმცა აპლიკაცია არც ერთ მათგანს არ გამოუყენებია:
“ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინფიცირება. შესაბამისად, მსგავსი შეტყობინება არ გვქონია”, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაცია დაახლოებით, 200 000-მა ადამიანმა ჩამოტვირთა.
უცნობია, რეგიონების მიხედვით როგორ ნაწილდება აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა.
Stop Covid მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზეა და მასში აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური თუ ოსური ენების დამატებაზე ჯანდაცვის სამინისტროში საუბარი არ ყოფილა.
Stop Covid აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ის, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. Bluetooth-ისა და GPS-ის გამოყენებით, აპლიკაცია ადგენს, თუ რომელი სმარტფონები იმყოფებოდნენ ერთმანეთთან ახლოს.