Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: კომისიურად განვიხილავთ, რათა დავეხმაროთ მათაც, ვინც ნამცხვარს ან ყვავილს აბარებდა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდივიდუალურად, კომისიური წესით იქნება განხილული იმ ადამიანების დოკუმენტაცია, რომლებიც შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულები არ არიან, თუმცა სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ:

„სამთავრობო მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით, ასევე ისეთი დოკუმენტაციის დადასტურებით, რომელიც წარმოადგენს როგორც საბანკო ანგარიშს, ასევე სხვადასხვა დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორც იურიდიული პირიდან, ასევე თვითონ ამ ადამიანიდან, რომელიც აბარებდა თუნდაც ნამცხვარს ან თუნდაც ყვავილს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ჩვენ კომისიური წესით განვიხილავთ ინდივიდუალურად ამ განცხადებებს და შევეცდებით მაქსიმალურად მოცვადი იყოს ის სოციალური პაკეტები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ 29 აპრილს, COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზენტაცია მთავრობის მიერ 24 აპრილს წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას ემყარებოდა, რომლის თანახმად საზოგადოების გარკვეული ჯგუფების კომპენსირებისა და სოციალური დახმარების მოცულობა განისაზღვრა.

გეგმის თანახმად:

  • 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს (თვეში 200 ლარს) მიიღებენ პირები, რომლებმაც კრიზისის შედეგად სამსახური დაკარგეს ანდა დამსაქმებელმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა.
  • 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველებთა ჯგუფები
  • თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება.
  • კომპენსაციას ვერ მიიღებენ არაფორმალურად კერძო პირებთან დასაქმებულები.

კომპენსაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, რომელიც დაახლოებით 250 000 ადამიანზე გადანაწილდება. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, თვითდასაქმებულების საერთო რიცხვი 800 ათასს აღემატება.

XS
SM
MD
LG