საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის სასჯელს ითვალისწინებს. დოკუმენტი 2 მაისიდან უნდა ამოქმედდეს.
ამ კანონით, მოქალაქე წესების დარღვევისთვის, პირველ ეტაპზე, 3 ათასი ლარით დაჯარიმდება, ქმედების განმეორებისთვის კი 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ წესის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტში სხვა დათქმის მითითებით.
სანქცირებაა გათვალისწინებული იურიდიული პირებისთვის - პირველ ეტაპზე 15 ათასი ლარის მოცულობის, განმეორების შემთხვევაში კი სანქცია ანდა საქმიანობის შეჩერება.
დღესვე პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, საგანგებო მდგომარეობის არარსებობის შემთხვევაშიც, კარანტინისა და იზოლაციის წესები დასჯადი ხდება. რეგულაციის მიხედვით, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე თავდაპირველად 2 000 ლარით, განმეორებით კი შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან პატიმრობით (3 წლამდე) დაისჯება. რაც შეეხებათ იურიდიულ პირებს, ისინი ჯერ 10 ათასი ლარით დასანქცირდებიან, შემდეგ ჯერზე კი ან განმეორებითი ჯარიმით ანდა საქმიანობის შეჩერებით.
საქართველოში ამ დრომდე კარანტინის წესების დარღვევა მხოლოდ პრეზიდენტის დეკრეტით ისჯებოდა, რომელის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს 21 მარტს გამოიცა და 22 მაისამდე მოქმედებს. დოკუმენტით, მოქალაქე პირველ ეტაპზე სამი ათასი ლარით ისჯება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი პატიმრობა ემუქრება. იურიდიული პირების შემთხვევაში სანქცია უკვე კანონში გადატანილი შინაარსის იდენტურია.