ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი ამბობს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი წესი დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების შესახებ სასულიერო პირებზე არ ვრცელდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
"სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთება არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან", - თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე მსოფლიოში გავრცელებულ სხვადასხვა ეპიდემიას ქრისტიანები ლოცვით ებრძოდნენ.
"მაშინ არ იყო ასეთი სამედიცინო საშუალებები და ერთადერთი, რასაც მაშინ ქრისტიანული ქვეყნები მიმართავდა, იყო ლოცვა და ჯვრებითა და ხატებით მსვლელობა... ეპიდემიები, ეს არის ისტორიულად დადასტურებული ფაქტი, უკან იხევდნენ. ამიტომ ჩვენ გვაქვს არა მარტო პირადი სულიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ, საერთოდ იმისთვის, რომ დაიხიოს უკან ეპიდემიამ", - თქვა მან.
საქართველოში დღითი დღე იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ ეკლესიებში, რადგან ინფიცირების რისკი მაღალია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 79 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც დაინფიცირდნენ, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის.