„თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის“, - თქვა ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის მიერ ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებაზე. როგორც მინისტრი ამბობს, ეს არის უბრალოდ გამკაცრებული ღონისძიება. „ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ სოციალური დისტანცია და დავრჩეთ სახლში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილს, დილის 12 საათიდან ქვეყანაში მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობაც იკრძალება.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 15 აპრილს საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.
ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც".