Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოქმედდა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტების დასადგენად გამოიყენება


საქართველოში ამოქმედდა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, საშუალებას იძლევა შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტში მყოფი პირების დროული ინფორმირებით.

არსებული ინფორმაციით, აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.

ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე https://stopcov.ge/

აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას.

„აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას“, - აღნიშნულია სამინისტროს განმარტებაში. ამ განმარტების თანახმად,იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები.

"აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია - კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით - დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს", - განმარტავენ სამინისტროში.

STOP COVID აპლიკაციის პრეზენტაციაზე, თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეებიც ერთვებიან:

„დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ.

ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლების და იმ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ინფორმაციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშვნელოვანია კოვიდ 19-ის ინფექციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და იგი ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციის მსგავსი მოდელი უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისა იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა.

16 აპრილს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 336-მდე გაიზარდა. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია. 3 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG