Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი გაასაჩივრებს ირაკლი ოქრუაშვილისთვის მისჯილი ხუთწლიანი პატიმრობის გადაწყვეტილებას


ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, დაცვის მხარე არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მამუკა ჭაბაშვილი აპირებს, განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს, თუმცა წარმატების იმედი არ აქვს:

„როცა პოლიტიკა უფრო წინ არის, ვიდრე სამართალი, ალბათ, სხვა გარემოებებმა უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი“, - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა. იგი ფიქრობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენის შემთხვევაში კანონი არაფერ შუაში იყო:

„ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა. ირაკლი ოქრუაშვილს ძალადობის ხელმძღვანელობასა და ამ ძალადობაში მონაწილეობას აბრალებდნენ. სასამართლომ ხელმძღვანელობაში გაამართლა, მონაწილეობაში ასობით ადამიანი იყო და მაინცდამაინც ირაკლი ოქრუაშვილი გამოარჩიეს და მიუსაჯეს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც მთელს საქართველოს აქვს კადრები ნანახი, ის გაიმეორა რამდენიმე პოლიციელმა, რომ იქ იყო ხალხის მასა, რომ გვაწვებოდა, მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილიცო. სხვა არაფერი არც უთქვამთ და არც სადმე წერია, რომ ვინმეს შეეხო ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად, ან მისი მოწოდებით ვიღაცამ ვიღაცაზე იძალადა“, - მამუკა ჭაბაშვილის თანახმად, ანალოგიურ ჭყლეტაში მოყოლილ ათობით ადამიანს სასამართლომ სხვადასხვა დროს ჯარიმა ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში მკაცრი განაჩენი გამოიტანა.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას.

მას 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. იგი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ, ხოლო ხელმძღვანელობის ნაწილში გაამართლა.

XS
SM
MD
LG