სალომე ასათიანის პოდკასტი
“პლანეტაზე ადამიანის განსაკუთრებული ადგილის შესახებ ჩვენი რწმენა ბოლო საუკუნეების განმავლობაში გადაგვექცა ბლაგვ და მოუხერხებელ ფოცხად, რომლითაც ჩვენი ცხოვრებიდან ბუნების გამოხშირვას ვცდილობდით. მაგრამ როგორც ჰორაციუსი გვაფრთხილებდა, ბუნება ყოველთვის იპოვის უკან დასაბრუნებელ გზას. ზუსტად იმ მომენტში, როცა ტერმინ ‘ვირუსულის’ [საინტერნეტო] და ახალ გაგებას ისე მივეჩვიეთ, თითქოს ეს ყოფილიყო მისი პირველადი მნიშვნელობა, ნამდვილი ვირუსი გრიგალის ძალით დაბრუნდა ისტორიაში“.
ეს არის ციტატა „ასათიანის კუთხის“ ამ გამოშვების სტუმრის, ჯასტინ ი ეიჩ სმიტის სტატიიდან, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ The Point-ის ვებსაიტზე. ჯასტინ ი ეიჩ სმიტი ამერიკელი მკვლევარია, პარიზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან პუბლიკაციებს შორისაა 2019 წელს გამოცემული წიგნი ირაციონალობის კომპლექსურ ფორმებსა თუ გამოვლინებაზე, სათაურით „ირაციონალობა: გონების ბნელი მხარის ისტორია“. მას სამი დღის წინ ნიუ-იორკში ველაპარაკე ტელეფონით, ინტერვიუზე დამთანხმდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც კორონავირუსის მსუბუქ სიმპტომებს ებრძვის - თუმცა იმის გამო, რომ ნიუ-იორკი შეერთებულ შტატებში ამჟამად ეპიდემიის ეპიცენტრია, ტესტირების გავლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
კორონავირუსის პანდემია ჯერაც მწვავე ფაზაშია, მაგრამ ავტორები უკვე ცდილობენ მასზე რეფლექსიას, მისი მიზეზების გაანალიზებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და თან რთულია, შესაძლო შედეგებზე დაფიქრებას. ეს ლოგიკურია. პანდემიები ისტორიას ცვლიან - ამბობს იელის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ფრენკ ემ სნოუდენი, ავტორი მონუმენტური ნაშრომისა სათაურით „ეპიდემიები და საზოგადოება: შავი ჭირიდან დღემდე“. ისტორიიდან ვიცით, რომ ეპიდემიებს მართლაც თვისებრივად შეუცვლიათ საზოგადოებები, ადამიანური ურთიერთობები, ეკონომიკის სტრუქტურები, შთაუგონებიათ ხელოვანები, განუსაზღვრავთ ომების ბედი. ეპიდემიის დროს ადამიანები ახლებური ინტენსივობით თუ სიმწვავით იწყებენ ხოლმე ფიქრს თავიანთ მოკვდავობაზე, სიცოცხლეზე, სიკვდილზე, სიყვარულზე, ღმერთზე - ფილოსოფიურ, რელიგიურ, მორალურ თემატიკაზე. შავმა ჭირმა, მაგალითად, ღმერთთან ადამიანის მიმართების საკითხის მნიშვნელოვანი გადააზრება მოიტანა - დაისვა კითხვა, მაინც როგორ დაუშვა ყოვლისშემძლე და ბრძენმა ღმერთმა უთვალავი ბავშვის ტანჯვით სიკვდილი.
დღევანდელ პანდემიასთან მიმართებით ასეთი დრამატული შეკითხვები ნაკლებად ისმის. მოგეხსენებათ, პოსტ-, თუ პოსტ-პოსტ მოდერნულ ინტელექტუალურ კლიმატში ვცხოვრობთ და, როგორც ამბობენ ხოლმე, დიდ ნარატივებთან ერთად, შეკითხვების მასშტაბიც შემცირებული გვაქვს. მაგრამ კითხვები, ცხადია, მაინც ჩნდება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? რა როლი აქვს ახალი კორონავირუსის გავრცელებაში ადამიანის ქმედებას? რა კულტურულმა, სოციალურმა და ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა ის ვითარება, რომ ჩინეთის ვუჰანის „სველი ბაზრის“ ვიწრო სივრცეში, ერთმენთის გვერდიგვერდ აღმოჩდნენ ღამურა, პანგოლინი და ადამიანი - რა გზითაც, ყველაზე სარწმუნო თეორიით, ეს ვირუსი გავრცელდა? და რა დასკვნას გამოვიტანთ ამ ყველაფრიდან - თუკი საერთოდ შეგვწევს კოლექტიური დასკვნების გამოტანის უნარი?
ასათიანის კუთხე
კორონავირუსის კრიზისისშემდგომ სამყაროში ადამიანებმა აღარ და ვეღარ უნდა შევძლოთ თავი ისე მოვიტანოთ, თითქოს ამ პლანეტაზე მარტოები ვიყოთო, ამბობს ჯასტინ ი ეიჩ სმიტი. ამაში შეიძლება ჩვენი წინაპრების გამოცდილებაც გამოგვადგეს და იმ ხალხებისაც,რომლებსაც თანამედროვე ადამიანი „პრიმიტიულს“ უწოდებს ხოლმე. კონგოს რესპუბლიკაში მცხოვრებ ლელეთა თემს, მაგალითად, პანგოლინის კულტი აქვს - მათი კულტურა ამ რქოვანი ქერცლით დაფარეული, ძუძუმწოვარა ცხოველის ტაქსონომიურ თავისებურებებს თან ზეიმობს, და თან უფრთხის, რადგან მათ ესმით, რომ პანგოლინთან უდიერი მოპყრობა სახიფათოა. მაგრამ თანამედროვე ადამიანმა ეს სიფრთხილე დიდი ხანია დაივიწყა. დღეს ადამიანი უფრო და უფრო ინტენსიურად იჭრება ველურ ბუნებაში - ანადგურებს ბიომრავალფეროვნებას, ჭრის ტყეებს, აჩანაგებს ჰაბიტატს, რის გამოც მას ახლო კონტაქტი უწევს ველურ ცხოველებთან. და მიკრობებიც, რომლებიც ამ ცხოველების ორგანიზმებში უწყინრად და ბუნებრივად ბინადრობენ, ახალ მასპინძლებს პოულობენ ჩვენი - ადამიანების - სახით.
თუმცა დასკვნა, და მით უმეტეს თვისებრივი ცვლილება, ალბათ არ იქნება. ჩვენი პოდკასტის სტუმარიც ამბობს და თავადაც ვიცით - ეს კრიზისი მეტნაკლებად მალე თუ დასრულდა - და იმედია ასეც იქნება - მყისიერად დავუბრუნდებით ჩვეულ, „ნორმად“ მიჩნეულ ცხოვრების სტილს, რომელიც ბუნების მოხმარებზე, გაჩანაგებაზე, ადამიანის მოქმედების შედეგად კლიმატის შეცვლაზე და ატმოსფეროს დაბინძურებაზეა დაფუძნებული. ოღონდ დავუბრუნდებით მორიგ კრიზისამდე - სანამ ბუნება კიდევ ერთხელ იპოვის ისტორიაში დასაბრუნებელ გზას და მორიგ ჯერზე შეგვახსენებს თავის ძალას.