თუკი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ ის პაციენტები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, შინ იმკურნალებენ. კლინიკები მხოლოდ საშუალო სიმძიმისა და მძიმე პაციენტებს მიიღებენ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.
როგორ მიიტანოთ ეჭვი, რომ შესაძლოა, ინფიცირებული იყოთ?
- გაქვთ ცხელება, ხველა, ქოშინი;
- ასევე სხვა ნიშნები: დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) - 38-69%-ში; ანორექსია (მადის დაქვეითება) (ხშირი) - 40%-ში; ნახველის გამოყოფა (ხშირი) - 26-33%-ში; ყელის ტკივილი (ხშირი) - 5-17%-ს - ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე; დაბნეულობა (იშვიათი) - 9%-ში; თავბრუსხვევა (იშვიათი) - 9%-ში; თავის ტკივილი (იშვიათი) - 6-14%-ში; ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) - 4-5%-ში; ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი) - 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო; გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) - 1-10%-ში; კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) - <1%-ში.დიაგნოზი; ბრონქული სუნთქვა (იშვიათი) - შესაძლოა ასახავდეს პნევმონიის არსებობას; ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა (ანოსმია და აგევზია) - ბოლო დროს დაგროვილი კლინიკური გამოცდილებით ეს სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა წინაც კი უსწრებდეს ხველისა და ცხელების განვითარებას;
- ბოლო 14 დღის განმავლობაში ან თავად იყავით საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი გქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან;
- გქონდათ მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე;
როგორ გაგსინჯავთ ექიმი თუკი გაქვთ ეჭვი, რომ ინფიცირებული ხართ?
- პროტოკოლის თანახმად, თუკი გაქვთ მსუბუქი, მაგრამ საეჭვო სიმპტომები, უკავშირდებით ოჯახის ექიმს;
- პირველ რიგში, იცოდეთ, რომ პროტოკოლის მიხედვით, თუკი შესაძლებელია, კონსულტაცია უნდა იყოს დისტანციური და არა ბინაზე მისვლით;
- შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ ვიზიტი კლინიკაში;
- კლინიკაში მისვლის შემდეგ, თუკი გიწევთ ექიმის მოცდა, პროტოკოლის თანახმად, უნდა შეყოვნდეთ საეჭვო პაციენტებისათვის განკუთვნილი ცალკე მოსაცდელ სივრცეში ან იზოლირებულ ოთახში, რომელიც იკეტება;
- თუკი კლინიკა ვერ უზრუნველყოფს საეჭვო პაციენტების მისაღებად განცალკევებულ დროს, მაშინ ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ, რომ მოიცადოთ კლინიკის გარეთ ან საკუთარ ავტომანქანაში;
- თუ არ გყავთ ავტომანქანა, მაშინ კონსულტაციას უნდა დაელოდოთ გარეთ, სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანციით სხვა პაციენტებისგან;
- თუკი გასინჯვის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რომ თქვენი მდგომარეობა რთულია და შესაძლოა, ეჭვი კორონავირუსზე დადასტურდეს, ექიმი იძახებს 112-ს და თქვენ გადაგიყვანენ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის;
თუკი თქვენ დაგიდასტურდათ COVID 19 და გაქვთ მსუბუქი ფორმა
- პროტოკოლის თანახმად, რჩებით შინ და ხართ იზოლირებული ოჯახის წევრებისგან. თუკი, თვითიზოლაცია შეუძლებელია, მაშინ ამის შესახებ ატყობინებთ ოჯახის ექიმს და შესაბამის სამსახურს გადაჰყავხართ საკარანტინე ზონაში;
- ექიმმა უნდა შეაფასოს თქვენი ბინაზე დარჩენის პირობები:
- რომ თქვენ გყავთ შესაბამისი მზრუნველი პირი ოჯახში;
- გაქვთ იზოლირებული ოთახი, სადაც არ შემოვლენ ოჯახის სხვა წევრები;
- გაქვთ რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
- თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გაქვთ პირადი დაცვის საშუალებები, სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი და იცით მათი მოხმარების წესი;
- თუკი თქვენთან ერთად ცხოვრობენ ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკული დაავადებებით, თქვენ ვერ იმკურნალებთ შინ და გადაგიყვანენ საკარანტინე სივრცეში;
როგორ აკონტროლებთ დაავადებას?
- ტემპერატურას იზომავთ მინიმუმ დღეში ორჯერ (დილა-საღამოს);
- დღის განმავლობაში იღებთ იმ რაოდენობის სითხეს, რაც შარდს შეუნარჩუნებს ღია გამჭვირვალე ფერს;
- შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით;
- მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას;
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუკი თქვენი ან ოჯახის წევრის მდგომარეობა გაუარესდება;
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის, დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც მისი სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას.
ეპიდემიოლოგთა და ვირუსოლოგთა სხვადასხვა გათვლით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პიკი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უნდა იყოს.
9 აპრილის 15 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 214 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4722 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 408 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევაა დადასტურებული.