Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NGO-ები: დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა


არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ უზენაესი სასამართლოს პლენუმს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნისგან. არასამთავრობო ორგანიზაციები დაუშვებლად მიიჩნევენ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნას იმ პირობებში, როდესაც პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება:

„მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს, მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა მანამ, სანამ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდება, დაუშვებელია.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა იმავე დღის წესრიგით 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

აქედან გამომდინარე, განცხადების ხელისმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა, მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების განზრახვით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დღეს, 3 მარტს 15 საათზეა დანიშნული. სხდომის დღის წესრიგში ერთი საკითხია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა.

XS
SM
MD
LG