Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ერთი თვით გაგრძელდა "იძულებითი არასამუშაო რეჟიმი"


2 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მორიგი - როგორც გაირკვა, მისი 20-წლიანი მმართველობის განმავლობაში მე-13 - ტელემიმართვით გამოვიდა, ამჯერად ნოვო-ოგარიოვოში მდებარე რეზიდენციიდან.

მოელოდნენ, რომ რუსეთის ლიდერი გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას, რისკენაც რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გაძლიერების ფონზე.

უკანასკნელ დღე-ღამეში რუსეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 771 ახალი შემთხვევა. გარდაცვლილთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 3 548, ყველაზე მეტი მოსკოვში - 2 475.

30 მარტს სწორედ რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა „თვითიზოლაციის საყოველთაო რეჟიმი“, რაც ახლოსაა საგანგებო მდგომარეობასთან.

რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, სახლებიდან გამოვიდნენ მხოლოდ პროდუქტებისა და წამლების შესაძენად, ნაგვის გასატანად, ძაღლების სასეირნოდ, აუცილებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად და, ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

31 მარტს კი რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო დუმამ, სასწრაფო წესით მიიღო მთავრობის ინიციატივით შემუშავებულ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ამკაცრებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლისსამართლებრივ სანქციებს.

"სანიტარულ-ციფრული დიქტატურა"

წამყვანმა ბლოგერებმა და კრემლის ოპონენტებმა სახელმწიფო სათათბიროს მიერ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ზოგმა „სანიტარულ-ციფრული დიქტატურა“ (санитарная цифровая диктатура), სხვებმა კი „ციფრული საკონცენტრაციო ბანაკი“ უწოდეს.

„მოსკოვის მერია ამზადებს „ციფრული გულაგის“ სისტემას, როდესაც რეგისტრაციის გარეშე ქუჩაში გამოსვლა ავტომატურად იწვევს ჯარიმას. ამოქმედდება მოქალაქეების უკანონო თვალთვალი მობილური ტელეფონებისა და ვიდეოკამერების საშუალებით“, - წერს ანტიკორუფციონერი აქტივისტი და ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი.

და მართლაც, რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით, კარანტინის წესების დამრღვევი კერძო პირისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა 150 ათას რუსულ რუბლს შეადგენს.

სისხლისსამართლებრივი კოდექსის თანახმად, კარანტინის წესების დარღვევა, რომელსაც შესაძლოა სხვა პირის დაღუპვა მოჰყვეს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 წლამდე ვადით, ხოლო „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებისათვის მაქსიმალური სასჯელის ვადა განისაზღვრა 5 წლამდე პატიმრობით.

მაგრამ, როგორც 2 აპრილის ტელემიმართვამ ცხადყო, ვლადიმირ პუტინი ჯერჯერობით არ აპირებს საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და აქცენტს აკეთებს „არასამუშაო დღეების“ გახანგრძლივებაზე, რამაც, მისი აზრით, ხელისუფლებას მისცა საშუალება „მოეგო დრო კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სწრაფი მოქმედებისთვის“.

თავის მე-13 ტელემიმართვაში, რომელიც 8 წუთს გრძელდებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე მთავარი მესიჯი გამოკვეთა:

  • „იძულებითი არასამუშაო რეჟიმი“ გაგრძელდება აპრილის ბოლომდე, ყველა მშრომელისთვის შესაბამისი ანაზღაურების შენარჩუნებით;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის უფლებამოსილება გადაცემული იქნება რეგიონალურ დონეზე.

ანუ რეგიონალური ხელისუფლება განსაზღვრავს, თუ რომელმა საწარმომ უნდა იმუშაოს „იძულებითი არასამუშაო რეჟიმის“ პირობებში და რა სახის შემზღუდავი ნორმები უნდა იქნეს შემოღებული.

რეგიონალური ლიდერების ყველა ნაბიჯი შეთანხმებული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენურ სამსახურებთან.

თანაც, როგორც ტელემიმართვის ბოლოს განაცხადა პუტინმა, ყველანაირი ზომის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს „რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და დაცულობა“.

ამასთან, პუტინმა დასძინა, რომ ვითარების განვითარების კვალობაზე შესაძლოა შემოიღონ „დამატებითი ზომები“ ან, პირიქით, მოხდეს „იძულებითი არასამუშაო დღეების კორექტირება მათი შემცირების მიმართულებით“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG