მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს თანხა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, კომპანიების, მიმდინარე წარმოებებისა და ბიზნესების შესანარჩუნებლად:
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის ფაზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გადაწვეტილება გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას განმარტებით, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად, ჯანდაცვის მიმართულებით ცალკე გამოიყო 351 მილიონი ლარი:
„ეს არის ის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის დღეის მდგომარეობით რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ასევე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.
31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
1 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან აქტიურია - 91.