Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ ერთი პაციენტი არ გაატარეს


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი
ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოს მიმართულებით არ გაატარა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალთან ერთად მყოფი მეორე პაციენტი და ის სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს ზუგდიდის კლინიკის ექიმი ლალი დარახველიძეც.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 29 მარტს, ღამით გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული, COVID-19-ის სიმპტომების მქონე 50 წლის ქალი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნა.

ექიმმა ლალი დარახველიძემ დღეს, 30 მარტს მედიას აცნობა, რომ პაციენტს აღენიშნება ხველა და ცხელება. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია „ლუგარის ლაბორატორიაში“. პასუხი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

„ის აფხაზეთში ჩამოვიდა მოსკოვიდან და შემდეგ პირდაპირ ჩვენთან. პაციენტი არ აღნიშნავს ვინმესთან კონტაქტს ადგილზე. სულ ორი მოდიოდა. ერთი გადმოიყვანეს ჩვენთან, ერთი კი - სოხუმში“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალი რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს ჩავიდა და მალევე მიმართა ამბულატორიას სოფელ საბერიოში, საიდანაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. პაციენტს სოფელ ფახულანთან დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

COVID-19-ის გავრცელების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი 14 მარტს დაკეტა.

XS
SM
MD
LG