Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა 200 პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის პრევენციის მიზნით


აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 200 პატიმარი გაათავისუფლა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის გაერთიანებული შტაბის რეკომენდაციების საფუძველზე.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის სამსახურის ცნობით, საპატიმროებიდან გამოუშვეს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრები, რომლებსაც გათავისუფლებამდე დარჩენილი ჰქონდათ 3-დან 9 თვემდე.

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებათა დაცვის გაერთიანებულ შტაბში დაადასტურეს პატიმრების გათავისუფლება, რაც მათ ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა.

ამ შტაბის წევრის, უფლებადამცველ ნოველ ჯაფაროღლის ცნობით, მათ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართეს მეორე წერილით, საპატიმროებში მყოფი პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე. „მაგრამ დღემდე ვერ მივიღეთ ხელისუფლებისგან პასუხი ჩვენს ამ აპელაციაზე“, - განაცხადა ჯაფაროღლიმ.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველების ცნობით, ციხეებში ასამდე პოლიტპატიმარი იმყოფება. ბაქო ამ შეფასებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ბოლო კვირას რამდენიმე ქვეყანაში დაიწყეს მსუბუქი დანაშაულისათვის მსჯავრდებულების ციხეებიდან გათავისუფლება.

26 მარტს გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტიმ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით სახელმწიფოებს მოუწოდა, ციხეებიდან გაათავისუფლონ ვირუსის მიმართ მოწყვლადი კატეგორიის პატიმრები და ასევე მსჯავრდებულები, რომლებიც საპატიმროებში მსუბუქი დანაშაულისთვის იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG