ქალაქებისთვის ხატებით შემოფრენა, ლოცვა, ქუჩების კურთხევა და ა.შ. - კაცობრიობის ისტორია ეპიდემიებთან არამეცნიერული ბრძოლის ბევრ მაგალითს იცნობს. ყოფილა შემთხვევები, როცა შავი ჭირის შესაჩერებლად წმინდანთა ნაწილები და სხვა საკრალური საგნები გამოუყენებიათ. XVIII საუკუნის საქართველოში, ჯერ ერეკლე მეორე, შემდეგ კი მისი შვილი გიორგი, ეჩმიძინიდან ჩამოაბრძანებდნენ ხოლმე სასწაულმოქმედ ლახვარს, რომლის წყალობითაც ჭირი მალევე „განქარდებოდა“. ეს ლახვარი დღესაც ასვენია ეჩმიაძინის ტაძარში, თუმცა, სურვილის შემთხვევაში თბილისში მისი ჩამოტანის ტრადიცია ვერაფრით განახლდება. ამის მიზეზი კი არც რელიგიაა და არც მეცნიერება. გიორგი XIII-ს სათუოდ გაუხდია ლახვრის უკან დაბრუნება, რითაც დიდად შეუშინებია ეჩმიაძინელი მამები.
შავი ჭირი და არაგვის პირას დადგმული კუბო
საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ეპიდემიის გამო ვერ მოხერხდა ერეკლე მეორის მეფური პატივით დაკრძალვა და, რომ „მხოლოდ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით“ გადაიტანეს მეფის გვამი მცხეთაში გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ. როგორც ჩანს, მაშინდელი ტფილისი და მისი შემოგარენი ერთგვარ საკარანტინო ზონაში იყო მოქცეული, სხვა შემთხვევაში პლატონ იოსელიანი არ დაწერდა, რომ „არაგვისა პირსა დადებული კუბო მეფისა მიიღეს მცხეთელთა. კახნი, არღა გასულნი არაგვსა, უკუიქცნენ კახეთად“-ო. ალბათ, რომ არა, სასიკვდილო საფრთხე, ქმარს სამარის კარამდე მიაცილებდა დარეჯან დედოფალიც, რომელიც ტფილისში მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ჩავიდა, როცა შავი ჭირი უკვე განელებული იყო.
XVIII საუკუნის საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიას ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან გახიზვნით ანდა ხანგრძლივი შინაპატიმრობით ებრძოდნენ. ქვეყნის პრობლემები, სიღარიბე და მედიცინის განვითარების დონე, სხვა, უფრო ეფექტიანი ბრძოლის საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც გამოინახა ერთგვარი „მეტაფიზიკური წამალი“ - ქრისტეს შემხები ლახვარი, რომელიც საგანგებოდ იქნა ჩამოსვენებული ეჩმიაძინიდან და „დაბრძანებული სიონის საკათედრო ტაძარში ნუგეშად ერისა“.
გიორგი XIII-ის შიშები...
„ნუგეშად ერისაო“, კი წერს პლატონ იოსელიანი, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ. ნუგეშად ახალი მეფისა, გიორგი XIII-ისა, რომელიც დიდად ფრთხილი და საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი კაცი გახლდათ. ეპისკოპოსი იოანე ავალიანის გადმოცემით ცნობილია, რომ საქართველოს უკანასკნელი მეფე ფულსაც კი მხოლოდ საგულდაგულო სტერილიზაციის შემდეგ იღებდა ხელში:
„ფული თეთრი, რომელიცა მუშაობდა დროთა ამათ ქალაქსა, და რომელიცა მიერთმეოდა მეფესა, ყოველთვის ჩაჰყრიდნენ ადუღებულს ნაცრიანს წყალში და ესრეთ ფულსა განწმენდილსა და ჩირქიდამ მოშორებულსა, მიართმევდნენ მეფესა“.
როგორც ჩანს, მეფის თხოვნას, უარი ვერ შეჰბედეს და სომხეთის კათალიკოსმა ლუკამ (გუკასმა) სომეხ მღვდელმსახურებს (გრიგორ ოშაკანსა და მის თანმხლებ პირებს) გამოატანა სასწაულმოქმედი ლახვარი ტფილისში შავი ჭირის შესამუსრავად, რაც, თურმე პირველად არ ხდებოდა. ერეკლე II თხოვნით წმინდა ლახვარი რამდენჯერმე ყოფილა „წარმოვლენილი და შემდგომად ჭირისა განქარვებისაცა, უკუქცეულა მსწრაფლ“ .
ლონგინუსის ლახვარი
რა ლახვარზეა საუბარი?
„ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი“, - ვკითხულობთ იოანეს სახარებაში. სწორედ ეს შუბი იგულისხმება - ლახვარი, რომელიც, სახარების მიხედვით, ფერდში აძგერა მაცხოვარს რომაელმა ცენტურიონმა გაიუს კასიუს ლონგინუსმა.
ასე იყო თუ ისე, კათოლიკოსმა ლუკამ უარი ვერ შეჰბედა მეფეს, არადა, სომხეთის ეკლესიის მეთაური დიდად შიშობდა, „ქართველმა მეფემან არ მიითვისოს თავისად საუნჯე ეჩმიაწინისაო“. და მართლაც, მალე გაირკვევა, რომ მისი ეს შიში უსაფუძვლო არ იყო. ერთი წლის თავზე გარდაცვლილ სომეხ კათოლიკოსს საფლავში ჩაჰყვება დაუბრუნებელი წმინდა რელიკვიის დარდი...
სომხეთიდან ჩამოტანილი ქრისტეს შემხები სასწაულმოქმედი ლახვარი დღისით სიონის ტაძარში ესვენა, ღამით კი ვანქის - ეკლესიაში და, როგორც პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს, „ინება ღმერთმან და განქარდა ჭირი“. თბილისმა შვებით ამოისუნთქა, ლახვარის ჩამომტანებმა კი საქმე მოთავებულად მიიჩნიეს და „ეჩქარებოდნენ ეჩმიაძინში წასვლასა“, თუმცა ვითარება დაძაბა იმან, რომ გიორგი XII ჯერ ისევ ვერ ბედავდა თბილისში დაბრუნებას, არადა არც ქრისტეს შემხები ლახვრის უნახავად დაბრუნება უნდოდა. ვინ რას იტყოდა? შემოთვალა: „დაშთეს ლახვარი თბილისსა მოსვლამდე მისსა“, რამაც დიდად შეაშფოთა და დააღონა როგორც ლახვრის ჩამომსვენებლები, ასევე ადგილობრივი „მელიქი, მოქალაქენი, სომეხნი თფილისელნი და თვით ვართაპეტი მათი თფილისისა, ეპისკოპოსი ოჰანეზ“, რომელიც პირადად ეახლა მეფეს და სთხოვა, დაებრუნებინა ლახვარი.
პასუხად გიორგიმ დაარწმუნა მთხოვნელი, რომ არანაირი ბოროტი განზრახვა არ ედო გულში და რომ სურდა მხოლოდ თავისი თვალით ენახა ლახვარი, რათა ელოცა მასზე და შემდეგ კი უბრძანებდა ჯეროვანი პატივით, საჩუქრებით და კათოლიკოსისადმი მადლობის წერილით მიაბრძანებდა „თვისსა ადგილსა“.
„შეიცადონ!..“
მეფის შემონათვალმა დამშვიდების ნაცვლად კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა „ეჩმიაძინელი მამები“, რომლებმაც, განმეორებითი თხოვნით, მალევე მიუგზავნეს მეფეს მისივე მოძღვარი ევთიმი.
მეფემ იუკადრისა ასეთი უნდობლობა და განრისხებულმა ბრძანა: „შეიცადონ ერთი კვირით!“
ეს უკვე აღარ იყო უსაფუძვლო შიში, უკიდურესად დამფრთხალმა სტუმრებმა ჩათვალეს, რომ მეფე გიორგი „იგდებს თვისდა ლახვარსა“, რის გამოც გადაწყვიტეს მოქმედება: შეიპირეს „ექვსნი მარჯვენი კაცნი“ რათა „იდუმალ წარიღონ ლახვარი ეჩმიაწინსა“.
შეთქმულება ჩავარდა, მასში მონაწილე მარჯვე კაცები დაისაჯნენ, ლახვარი კი ტფილისში დარჩა მეფის დაბრუნებამდე.
და მართლაც, მარიამობაზე თბილისში დაბრუნებულმა გიორგიმ თაყვანი სცა ლახვარს, ემთხვია ზედ, ილოცა და ეკლესიიდან გამოსულმა ბრძანა, რომ მეორე დღეს „განამგზავრებდა ლახვარს სომეხთა კათოლიკოსისადმი საჩუქრებითა“.
გვინდა გვჯეროდეს, რომ მართლაც ასე იქნებოდა, მეფე არ გატეხდა მიცემულ სიტყვას, მაგრამ, როგორც ისტორიკოსი გადმოგვცემს, მოვიდა ცნობა, თბილისში ისევ გამოჩნდა ჭირიო და მეფემაც ბრძანა, „შეაყენონ ლახვრის წარვლენა!“
ლახვრის ნაცვლად იმედის წერილი
1798 წლის ნოემბერში რამდენიმე დღით ჩამოტანილი ლახვარი 1800 წელსაც ტფილისში იყო, რასაც ადასტურებს 1800 წლის 29 იანვრით დათარიღებული მინას არქიეპისკოპოსის ვრცელი წერილი, რომლის ადრესატი გიორგი XIII-ია.
„ბატონო მეფევ! თქვენმა უმაღლესობამ 1798 წელსა ითხოვა წმინდა ლახვარი განსაკურნებელად ჭირისა და უწმინდესმან პატრიარქმან ჩვენმან აღიღეს იგი საშინელისა მის ადგილისაგან ნოემბრისა თვისა დაწყებითსა რიცხვებში ხელითა საყვარელისა ძმისა ჩვენისა იოანე არქიეპისკოპოსისა და ოდეს მოაწია მან თქვენამდე, ქრისტეს მოწყალებითა განქარდაცა ჭირი. წარსულთა დროთა ჟამსა სულგანათლებულისა მეფისა მამისა თქვენისაცა რავდენჯრმე იყო წარმოვლენილი იგი და შემდგომად ჭირისა განქარვებისაცა, უკუქცეულიცა მსწრაფლ ჩვენკენ“, - ასე იწყება წერილი, რომელიც შეშფოთებით, მოწიწებით და მუდარით არის გაჟღენთილი და ასე სრულდება:
„მე მწუხარე მოხუცი მინას ეპისკოპოსი და კრება სულიერი წმინდის მონასტრისა ეპისკოპოსნი, ბერნი და სხვანი ძმანი ვედრებითა და ცრემლითა გთხოვთ თქვენ ჯვარ-გვირგვინოსანსა, სიყვარულისათვის ქრისტესისა, ნუ დაგვიტევებთ ნურცა ჩვენ, ნურცა სახლსა ჩვენსა უნუგეშოდ. სასიხარულოდ ჩვენდა გვიბრუნეთ წმინდა ლახვარი იოანე ეპისკოპოსითურთ, რომელნიცა ესოდენისა დროსა ტყვეობასა შინა არიან.“
მდუღარე ცრემლით დანამულმა წერილმა მეფეს გული ვერ მოულბო. შესაბამისად, როგორც ისტორიკოსი წერს, ლახვრის ნაცვლად წარუვლინეს იმედის წერილი, რომ წმინდა ეჩმიაწინის საუნჯე არ დაიკარგებოდა.
ლახვრის წარვლენა
სომხეთის კათოლიკოსი ლუკა (გუკასი), როგორც ზემოთაც ვთქვით, ისე გარდაიცვალა, რომ ქრისტეს შემხები ლახვარი უკან ვერ დაიბრუნა და ეს დარდი საფლავში ჩაიყოლა.
ამასობაში გიორგი XIII-ს, როგორც დღეს იტყოდნენ, კოლექტიური წერილით მიმართეს მინას არქიეპისკოპოსმა, გრიქურმა, სიმეონ ათურაკალმა, ალექსანდრემ, იოაკიმ არქიეპიკოპოსმა, სტეფან არქიეპისკოპოსმა, ასტვაწატურმა, ანდრიამ, ბარსიღმა, თადეოსმა, რომლებმაც წერილის ბოლოში გარდაცვლილი კათალიკოსის თხვონა გაიმეორეს - გევედრებით, რომ ქრისტეს შემხები წმინდა ლახვარი ეგე ოჰანეს ვართაპეტითურთ გვიბოძოთო.
თხოვნის პასუხად გიორგიმ XIII აცნობა, რომ ლახვარს გამოატანდა ახლად დანიშნულ კათოლიკოს იოსებს, რომელიც, ბედის ირონიით, ტახტზე აუსვლელად ეჩმიაძინისკენ მიმავალ გზაზე, ტფილისში გარდაიცვალა, ლახვარი კვლავ საქართველოში დარჩა.
„ვერცა ამან იოსებ, არ მნახავმან თვისისა ტახტისა, ვერცა სხვათა - ვერ წაიღეს ლახვარი იგი. მხოლოდ გარდაცვალებისა მეფისა, მინისტრმაც რუსეთისა კოვალენსკიმ სომეხთა თხოვნითა უბრძანა ანუ ურჩივა წარვლენა ეჩმიაწინად“, - ვკითხულობთ პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორი XIII-ისა“ - ში.
გიორგი XIII რომ გარდაიცვალა, სვეტიცხოველში დაკრძალვამდე, ერთი ხანობა სიონის ტაძარში იყო დასვენებული, იქვე განისვენებდა ქრისტეს შემხები ლახვარიც, რომელიც ისე არ ეთმობოდა განსვენებულს, რომ ცოცხალი ვერაფრით შეელია... თუმცა, ისიც ვთქვათ, რომ პლატონ იოსელიანს (და არა მხოლოდ მას) ეჭვი ეპარება, რომ ეჩმიაძინის „ქრისტეს შემხები ლახვარი“ მართლა შეხებია ქრისტეს სხეულს. ისტორიკოსის თქმით, „ლახვარი ესე იყო თვით იგი, რომლითაცა განიგმირა დავით დვინელი 693 წელსა“.
ქრისტიანული სამყარო ასევე იცნობს სხვა რამდენიმე (ვატიკანის, ვენის, კრაკოვის) ლახვარს, რომლებიც, თითქოსდა, ასევე შეხებიან ქრისტეს სხეულს და, რომლებსაც ასევე არაერთი სასწაული მიეწერებათ.