მარნეულის და ბოლნისის სოფლებში დილიდან სიჩუმეა.
უკვე თითქმის ყველამ გაიგო რაც ხდება. კარანტინი, კორონავირუსი პირზე აკერიათ. სოფლის ბირჟები ცარიელია. ჭიშკრებიდან თუ გასძახებენ ორიოდ წინადადებას ერთმანეთს. ერთი-ორი მაღაზიაა ღია და იქაც მხოლოდ მაშინ გადიან, როცა სჭირდებათ. გუშინდელთან შედარებით, კარანტინის მეორე დღეს, აშკარად მეტად ფრთხილობენ.
კორონავირუსი (COVID-19) ახლა ამ სოფლების მოსახლეობის მთავარი საფრთხეა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მარნეულის და ბოლნისის რაიონები ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა.
21 წლის გიულგუნ მამეთხანოვაც თავის სოფელ თექალოშია, საკუთარ მშობლებთან. გუშინ მისმა ოჯახმაც მიიღო მთავრობის მესიჯი - ჯერ ქართულად, მერე აზერბაიჯანულადაც - გაფრთხილდითო.
დღეს მისი სოფლის ქუჩები ასე გამოიყურებოდა.
გიულგუნი ახლა მისივე შექმნილ, სამოქალაქო ჟურნალისტიკის გვერდს მართავს ფეისბუკზე, მან და მისმა მეგობარმა გადაწყვიტეს აქტიური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მოქალაქე ჟურნალისტებად აქციონ და ასე გაავრცელონ ინფორმაცია.
ვირუსს არა აქვს ეროვნება, და უპასუხისმგებლო ხალხიც ყველა ერშია. ისე გული მწყდება ასე რომ გვლანღავენ. მგონია, რომ ქართველებს ვძულვართ...
ინფორმაციის ნაკადს, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აწყდება, უარყოფითი ემოციაც ბევრი მოაქვს. ქართველი მეგობრები სწერენ და ამხნევებენ, მაგრამ ბევრია ისეთი, ვისმა სიტყვებამც გული ატკინა და გააბრაზა. კორონავირუსის შიშს ეს წყენაც დაემატა:
„წერენ, რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია. რომ უპასუხისმგებლო ხალხი ვართ. ისეთი ქსენოფობიური კომენტარებია. ვირუსს არა აქვს ეროვნება, და უპასუხისმგებლო ხალხიც ყველა ერშია. ისე გული მწყდება ასე რომ გვლანღავენ. მგონია, რომ ქართველებს ვძულვართ... რომ ამბობემ ქართული არ იციანო. ახალგაზრდები ძალიან ვცდილობთ და ვიცით ენა. ხანდაზმულები კი უკვე ვეღარ ისწავლიან. მათ არც სცალიათ, სულ მიწაზე მუშაობენ და თავის გატანაზე ფიქრობენ“.
მარნეულსა და მის სოფლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის შესამოწმებლად 24 მარტს დილიდან გავიდა 12 ბრიგადა - თითოში 2-3 ექიმის შემადგენლობით. ისინი ხალხს სიცხეს უზომავდნენ და კორონავირუსისგან დასაცავად სამედიცინო რეკომენდაციების შესრულებას სთხოდნენ.
ეს რადიო მარნეულის ვიდეოა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა კარანტინის ზონაში გადაიღეს:
ეს კი კარანტინის პირველი ღამეა მარნეულში - ცარიელი ქუჩებით.
მარნეულის სოფლებში სასულიერო პირებმა ჩამოიარეს და სოფლები აკურთხეს.
ეს ვიდეო ბოლნისის რაიონის სოფელ ძველქვეშშია ჩაწერილი - ერთ-ერთი ადგილობრივი რადიო თავისუფლებას მოუთხრობს, რომ ხალხს ეშინია კორონავირუსის გადადების და ეს შიში ამ ცარიელ ქუჩებსაც ეტყობა,
ესეც სოფელი ქვენო ბოლნისი - მაჰარამ გოიუშლუ იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ჩვეულებრივ დღეებში ბევრი ხალხი იყრიდა თავს. ახლა კი იქაც სიცარიელეა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებს პოლიცია და სამხედროები იცავენ.
24 მარტის საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.
გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.