„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ლისის ტბის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს: „შესაძლოა, თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“.
ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა 23 მარტს საქართველოში შვიდით გაიზარდა და 61-ს მიაღწია, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.
კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.