Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ცვლის ბჟანიას „პრეზიდენტობა“?


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 22 მარტს ჩატარებულ პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. დე ფაქტო რესპუბლიკის მომავალ პრეზიდენტს გამარჯვება უკვე მიულოცა პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა, სოხუმის ვიცე-პრემიერმა, ადგურ არძინბამ. რას შეცვლის ასლან ბჟანიას არჩევა თბილისისა და სოხუმის რთულ და, შეიძლება ითქვას, ჩიხში შესულ ურთიერთობებში?

საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების გამართვას.

“ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირდაპირი დიალოგის სურვილი

თბილისთან ურთიერთობის შესახებ ასლან ბჟანიამ განცხადება ჯერ კიდევ სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა. დე ფაქტო რესპუბლიკის მომავალმა ლიდერმა თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა იქვე გაიხსენა ვლადისლავ არძინბას მიერ 1999 წელს ნათქვამი სიტყვები („საჭიროა ლაპარაკი და პრობლემების გადაჭრა... ჩვენ გამარჯვებული მხარე ვართ და ამ გარემოების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“) და განაცხადა:

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართულ მხარესთან არ განიხილება, მაგრამ საჭიროა საუბარი საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის ვალდებულების აღებაზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაზე... თუნდაც არა ჩვენთან, არამედ, მაგალითად, გაეროს წინაშე“.

ბჟანია მიიჩნევს, რომ არ სჯერა საქართველოს კეთილი განზრახვისა, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, თუმცა რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ჟენევის ფორმატის გარდა, თბილისსა და სოხუმს სჭირდება ორმხრივი პლატფორმა მოლაპარაკებებისთვის.

„ქართველები და საქართველო - ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არა, უამრავი კავშირი გვაქვს საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ეს ის ხალხია ვინც საზღვარს კვეთს. ხალხს უამრავი პრობლემა ექმნება - ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილიც, სამწუხაროდ, იძულებულია გადავიდეს საზღვარზე კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ისეც ხდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულს სჩადიან და მერე საქართველოში იმალებიან. ხდება პირიქითაც. ასევე ერთობლივად ვახდენთ ენგურჰესის ექსპლუატაციას. ესეც კონტაქტების მნიშვნელოვანი დონეა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ, რომლის თქმითაც, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად საჭიროა ჟენევის პროცესზე ბევრად უფრო ახლოს მდებარე მოედანი: „საზღვარზე ან სადმე აქ“.

იგივე პრიორიტეტები...

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანიას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა დიდად არაფერს შეცვლის სოხუმის ე.წ.საგარეო პრიორიტეტებში.

„ამ კუთხით ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო. საგარეო ვექტორი და რუსეთთან ურთიერთობა არ შეიცვლება. საერთოდაც, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი მინიმალურია, რადგან ამისთვის საქართველო არ არის მზად. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის რეაქცია, რომელიც ქართულ მხარეს ჰქონდა ბჟანიას მიერ არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ წინააღმდეგი არ იყო აღედგინა ურთიერთობები თბილისთან. ნიშანდობლივია, რომ ბჟანიას პასუხი გასცა საქართველოს უშიშროების სამსახურმა. ამ ფონზე მეეჭვება, რომ რამე სახის დიალოგი დაიწყოს, მით უმეტეს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა ასეთი დაძაბული ვითარებაა. არჩევნების შემდეგ, თუ ვითარება შეიცვლება, შეიძლება შეიქმნას ახალი რეალობა დიალოგისთვის“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რა შეიცვლება გალში მცხოვრები ქართველებისთვის?

ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია, რომ გალის რაიონის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. გალელებს არ ეძლევათ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლებაც კი; ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილების უფლება; გალელებზე არ გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი საბუთები და ა.შ. პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ასლან ბჟანია რადიკალურად შეცვლის ვითარებას გალის რაიონში, სადაც წინამორბედ დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას უკიდურესად დისკრიმინაციული რეჟიმი ჰქონდა დამყარებული:

გალისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი
გალისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი

„რეალური შანსია, რომ გალის მოსახლეობამ ამოისუნთქოს, მათი უფლებები გაუთანაბრდეს დანარჩენების უფლებებს. ამჟამად გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას არ აქვს უფლება თავიან შვილებს ასწავლოს მშობლიურ ენაზე. სკოლებში აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლება. შესაძლოა, ფორმალურად არ დააბრუნონ ქართული სკოლები (თუმცა რატომაც არა, არსებობს სომხური სკოლები და რატომ არ უნდა იყოს ქართული?), მაგრამ უფრო მეტად ლოიალურები იქნებიან ქართულის სწავლების მიმართ, ასე ვთქვათ, თვალს დახუჭავენ. ხაჯიმბას დროს რეპრესიული მეთოდებით ებრძოდნენ ქართულად სწავლებას: იყო მოულოდნელი შევარდნები სკოლებში და ბავშვების გამოკითხვა, რა ენაზე სწავლობდნენ და ა.შ. ეს მოისპობა. ასევე მეტად შემსუბუქდება გალელთა სამოქალაქო უფლებები როგორც საკუთრებასთან, ასევე გადაადგილებასთან დაკავშირებით... გალელების უმეტესობას არ აქვს დარეგისტრირებული საკუთრება, რის გამოც, სრულფასოვნად ვერ განკარგავს მას. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც მკვეთრად გაუმჯობესდება ვითარება. ასევე არ შეუშლიან ხელს გალელების კონტაქტს დანარჩენ საქართველოსთან. მეტად მშვიდ გარემოში ექნებათ კონტაქტი თავიან ახლობლებთან, რომლებიც ენგურის მეორე მხარეს ცხოვრობენ“.

რას ელის რუსეთი?

ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ვლადიმირ პუტინმა, მართალია მილოცვაში არაფერია ნათქვამი სოხუმისა და მოსკოვის ურთიერთობაზე, მაგრამ გამოთქმულია იმედი, რომ ახალი ლიდერის მმართველობა უზრუნველყოფს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის ინტერესების დაცვას. იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმისთვის საერთაშორისო ასპარეზი ურუსეთოდ არ არსებობს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რაზე მიანიშნა ვლადიმირ პუტინმა. პაატა ზაქარეიშვილიც ვარაუდობს, რომ ბჟანიას „გაპრეზიდენტება“ მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

„ასლან ბჟანია ჩვენთან, რატომღაც, აღიქმება როგორც არარუსული ძალა. სინამდვილეში ის 2012 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა და მხოლოდ 2012 წელს დაბრუნდა აფხაზეთში. თან რამე ბიზნესი კი არ ჰქონდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი იყო როსტოვში. ასე რომ რუსეთი დიდად არ შფოთავს ბჟანიას არჩევის გამო. ამასთან, დიდი ალბათობით, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ანქვაბი გახდება. ყველა ხვდება აფხაზეთში, რომ ქართველებთან დიალოგი ჩიხშია შესული. ასე რომ ანქვაბი-ბჟანიას ტანდემიც შეეცდება ურთიერთობის დალაგებას რუსეთთან. რუსეთში ისეთი ძალები იმარჯვებენ, რომ მათთან ჭიდილს აზრი არ აქვს - ამასაც ხვდებიან აფხაზეთში. შესაბამისად, რუსეთისკენ სვლის ტენდენცია გამყარდება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

დასცალდება "პრეზიდენტობა"?

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ტრადიციად, პოლიტიკური ცხოვრების წესად იქცა უსისხლო რევოლუციები, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე შეწყვეტა საპროტესტო აქციების ფონზე... ე.წ. არჩევნების შედეგების მიხედვით, ასლან ბჟანიას დიდი ელექტორალური მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, ბჟანიას გამარჯვება უკვე აღიარა ე.წ. სამთავრობო კანდიდატმა ადგურ არძინბამ, რომელმაც შედეგების გამოცხადებამდე მიულოცა ოპონენტს, რაც, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, შესაძლებელია რუსეთიდან წამოსული მესიჯი იყოს, რუსეთიდან, რომელსაც ამ ეტაპზე არ სჭირდება არეულობა აფხაზეთში.

ადგურ არძინბა
ადგურ არძინბა

„თუ ბჟანიამ არ დაიწყო ოპონენტების დევნა, დაპატიმრება და თავისი მომხრეების წინ წაწევა, თუ ხელი არ შეუწყო ახალი ხელისუფლების კორუფციაში ჩართვას,- ამ გადმოსახედიდან ოპოზიციის გაძლიერების საფუძველი არ არსებობს. ოპოზიცია დაელოდება არჩევნებს. სწორედ საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება, ძალთა როგორი გადანაწილებაა აფხაზურ საზოგადოებაში“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG