გორის მუნიციპალიტეტში ბოლო ორ დღეში 16-დან 23-მდე გაიზარდა კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციისთვის თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში მოქალაქეები გააქტიურდნენ და ცენტრს თავად აწვდიან ინფორმაციას რისკის შემცველი ქვეყნებიდან დაბრუნებული ნაცნობების შესახებ.
გორის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში მყოფი 23 ადამიანიდან, 20 ქალაქის მცხოვრებია, სამი კი - სხვადასხვა სოფლის. მარი გიუნაშვილის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფთა უმრავლესობა მაღალ შეგნებას იჩენს და ზოგიერთმა მზადყოფნაც გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკარანტინო სივრცეში გადავიდეს: „თუმცა, გვქონდა ისეთი შემთხვევაც, როდესაც რისკის შემცველი ქვეყნიდან დაბრუნებულმა პირმა არ მოგვმართა და მისმა მეზობელმა აცნობა ამის შესახებ პოლიციას, პოლიციამ კი ჩვენ ჩაგვაყენა საქმის კურსში და მივიღეთ შესაბამისი ზომები. ამჟამად ეს პირი თვითიზოლაციაშია და რეკომენდაცია აქვს მიცემული, რომ არ დაარღვიოს თვითიზოლაციის რეჟიმი“.
11 მარტის 14:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა 23 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 298 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46.