საქართველოში კორონავირუსით (COVID – 19) ინფიცირების დამატებით 8 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ილაპარაკა 6 მათგანის მოგზაურობის ისტორიის შესახებ.
„ერთი იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ადამიანთან (პაციენტი #5), ვისგანაც კიდევ სამი დასნებოვნდა. ორი ოჯახი იყო იტალიაში და მათგან ერთ-ერთის წარმომადგენელი არის პაციენტი #5. პირი კი, რომელსაც კორონავირუსი დღეს, 10 მარტს, დაუდასტურდა, ამბობს, რომ რაღაც სამუშაო შეასრულა, რაშიც ფული აიღო და ვარაუდობს, რომ ბანკნოტიდან გადაედო. ეს ზუსტად არავინ იცის“, - აღნიშნავს ცერცვაძე.
რაც შეეხება კიდევ ხუთ დასნებოვნებულ ადამიანს, როგორც კლინიცისტი ამბობს, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და იმ ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომლიდანაც ახალგაზრდა ქალი ინფექციურ საავადმყოფოში უკვე მე-8 დღეა, მკურნალობს. ამ ხუთ ადამიანს ვირუსი შვიდი დღის წინ არ დაუდასტურდათ, თუმცა ახლანდელი შემოწმების შედეგად დაუდგინდათ.
„ახლა გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც სხვადასხვა დროს იტალიაში იმოგზაურეს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის (COVID – 19) ინფექციის შიდა გადაცემის 4-5 შემთხვევა არის დადასტურებული.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით (COVID – 19) 23 ადამიანი დასნებოვნდა.