Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი: გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას


საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე 9 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას ეხმაურება ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი.

„საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პარტიებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ხაზგასმულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ეს იყო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები“, - ნათქვამია საგარეო სამსახურის პრესსპიკერი განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი ულოცავს ყველა ხელმომწერს. ის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას.

„ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ მის წარმატებით მიღებას უახლოეს კვირებში, მოგვიანებით კი – მის ეფექტიან განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ბოლო არჩევნების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი ნდობა მოიპოვოს“.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და ერთობლივ განცხადებას.

XS
SM
MD
LG