Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი კინზინგერი მიესალმა საქართველოში საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას


კონგრესმენ ადამ კინზინგერის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძეს შეხვედრა ვაშინგტონში 2020 წლის თებერვალში გაიმართა
კონგრესმენ ადამ კინზინგერის და პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძეს შეხვედრა ვაშინგტონში 2020 წლის თებერვალში გაიმართა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა ქართველ ხალხს მიულოცა დიდი ხნის ბრძოლით მიღწეული დემოკრატიული რეფორმა.

საარჩევნო საკითხებზე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, კონგრესმენმა კინზინგერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დემოკრატია მძიმე სამუშაოა, მაგრამ ამად ღირს.

ადამ კინზინგერი მიესალმა მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის და ელჩ კელი დეგნანის ხელმძღვანელობით აშშ-ის საელჩოს ძალისხმევას.

კონგრესმენის განცხადებით, ეს იყო გრძელი გზა შეთანხმებამდე, მაგრამ კომპრომისის და სიმწიფის წყალობით მიღწეულია დემოკრატიის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ნაბიჯები. ადამ კინზინგერი ამაყობს, რომ როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, დიალოგში გარკვეული როლი შეასრულა.

კინზინგერი აღნიშნავს, რომ მომავალშიც გააგრძელებს დახმარებას, რათა საქართველო დარჩეს აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად. კონგრესმენის შეფასებით, საქართევლოში მიღწეული შეთანხმება განამტკიცებს დემოკრატიას და ქვეყანას ნატოსთან ერთი ნაბიჯით დააახლოებს.

ბოლო თვეებში კონგრესმენმა კინზინგერმა რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება და კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, საარჩევნო სისტემაზე შეუთანხმებლობის და პოლიტიკურ იარაღად სასამართლოს სავარაუდო გამოყენების გამო. თებერვალში ადამ კინზინგერი ვაშინგტონში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. ამერიკელ კონგრესმენს დიალოგი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

XS
SM
MD
LG