Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი უგულავას პატიმრობაზე: "ქართულ ოცნებას" ვუთხარი, რომ ეს ძალიან ცუდი იქნებოდა


აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს სასამართლო ისეთივე სამართლიანი, თავისუფალი და პოლიტიკურად არამიკერძოებულია, როგორც შტატებში. სასამართლო სისტემასთან კავშირში "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავასთვის ხელახლა პატიმრობის მისჯაზე კინზინგერმა ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

"ძალიან შევშფოთდი, როცა ჩვენთან მოვიდა ხმები, რომ ეს [უგულავას დაპატიმრება] მოხდებოდა. ჩემი პოზიცია "ქართულ ოცნებას" და ლიდერებს ძალზედ ნათლად გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა", — თქვა კინზინგერმა.

კონგრესმენი ამბობს, რომ ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა ამ საკითხიდან გამოსავალი ეპოვა და სასამართლო სისტემა მხოლოდ სამართლის აღსრულებისთვის გამოეყენებინათ.

"ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან", — ამბობს ის.

უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ "თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხები გაფლანგა.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 28 თებერვალს დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და 1 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შთანთქა უგულავას მიმართ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა და მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

პროკურატურა გიგი უგულავას ბრალს სდებდა „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა და განაჩენი გამოიტანა შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბრალის დამძიმება მოითხოვა. 2018 წელს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ 2019 წლის იანვარში ამჯერად საკასაციოში გაასაჩივრა. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა ერთი წლის თავზე, 2020 წელს დაინიშნა.

XS
SM
MD
LG