Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს კორონავირუსი მსოფლიო ტურიზმსა და ეკონომიკაზე


ტურისტები ვენეციაში
ტურისტები ვენეციაში

ავიაკომპანიები და მსოფლიო ტურიზმის სფეროს სხვა ოპერატორები ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან. ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებიდან 2 კვირის შემდეგ მსხვილმა ავიაგადამზიდველმა Air France-KLM-მა განაცხადა, რომ თებერვალ-აპრილში მისი საოპერაციო შემოსავალი 150-200 მილიონი ევროს მოცულობით შემცირდება. სწორედ ამ დრომდე არ განახლდება ავიარეისები ევროპიდან ჩინეთში. ასევე, იკლო სხვა აზიურ ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა რიცხვმა.

კორონავირუსის საფრთხისა და ავიამიმოსვლის შემცირების გამო მცირდება სასტუმროების ბიზნესის შემოსავლებიც. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება აზიაში, ინდონეზიის კუნძული ბალი, დამსვენებლების სიმცირეს უჩივის. ბოლო კვირის მანძილზე ბალის სასტუმროებში 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა.

ევროპაშიც საგრძნობი ხდება კორონავირუსით მიყენებული ზარალი. ძირითადად ზარალდებიან ჩინელებს შორის პოპულარული კურორტები. ჩინეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების გარდა, სასტუმროების ჯავშნებს აუქმებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რადგან არ სურთ იმავე სასტუმროში დაბინავება, სადაც ჩინეთის ტურისტული ჯგუფები ცხოვრობენ.

ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, ზარალს განიცდის ვაჭრობის ის სეგმენტიც, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ჩინელებს შორის. სწორედ კორონავირუსის პრობლემის გამო ვერ ეწვია მილანის ცნობილ „ფეშენვიკს“ ათასობით მყიდველი ჩინეთიდან.

2019 წლის მონაცემებით, ჩინეთის მოქალაქეებზე მოდის „ფეშენინდუსტრიის“ მოხმარების, 280 მილიარდი ევროს, 40 პროცენტზე მეტი.

თავად იტალიაში დაფიქსირებულმა ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა როგორც მილანის მოდის კვირეული, ასევე ვენეციის ცნობილი ფესტივალი. ის მოულოდნელად დასრულებულად გამოცხადდა 23 თებერვალს, ნაცვლად 25 თებერვლისა, როგორც ეს დაგეგმილი იყო ფესტივალის პროგრამით.

ფინანსურ დანაკარგებზე ლაპარაკობს რუსეთის ტურისტული ბიზნესიც. ოფიციალური მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო თებერვალ-მარტში ტურისტული კომპანიების მიერ მიღებული ზარალი 40 მილიონ ევროს გადააჭარბებს, ხოლო ის გაათმაგდება, თუ შეზღუდვები ზაფხულის სეზონზეც გაგრძელდა.

24 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 77 262-ს, საზღვარგარეთ ინფიცირებულთა რაოდენობაა 2 101. კორონავირუსით ჩინეთში გარდაიცვალა 2 595 ადამიანი, საზღვარგარეთ - 24. გამოჯანმრთელდა 24 757.

კორონავირუსი მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცნიერები მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. მათ შორის, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში, თუმცა, მათი განცხადებით, ვაქცინის შექმნას, შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს..

XS
SM
MD
LG