43 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელმაც წუხელ ღამით ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გაუხსნა ხალხს, ულტრამემარჯვენე შეხედულებებისა იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური შეხედულებებით ხელმძღვანელობდა. ასეთია პოლიციის წინასწარი დასკვნა.
გერმანიის გენერალური პროკურორის, პეტერ ფრანკის თქმით, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა, ბოროტმოქმედმა ინტერნეტში განათავსა რასისტული ვიდეო და „მაინფესტი“ ქსენოფობიური შეხედულებებით. გამოძიება სწავლობს ბოროტმოქმედის კაშირებს, ცდილობს გაარკვიოს, წინასწარ თუ იცოდა ვინმემ მომავალი ბოროტმოქმედების შესახებ.
პოლიციის თანახმად, ისროდა ტობიას რ. მან ჰანაუს ცენტრში ორ ჩილიმ-ბარში გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი - მიგრანტები და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით უცხოელები იყვნენ. ცნობილია, რომ დაღუპულთაგან ხუთი თურქეთის მოქალაქე იყო. ექვსი ადამიანი დაიჭრა.
თავად თავდამსხმელმა, როგორც ჩანს, თავი მოიკლა, მანამდე კი საკუთარი დედა მოკლა. მათი გვამები ჰანაუში, მათ ბინაში იპოვეს. ამგვარად, მთლიანობაში 11 ადამიანი დაიღუპა.
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და პირობა დადო, რომ ხელისუფლება არ შეასუსტებს ძალისხმევას, რომლის მიზანია, უზრუნველყოს გერმანიაში სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის მშვიდობიანი თანაარსებობა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რასიზმს უწოდა „შხამი“, რომელიც ჭამს გერმანიის საზოგადოებას და მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა.
უკანასკნელ ხანებში გერმანიაში ულტრამემარჯვენეებმა ძალადობასთან დაკავშირებული რიგი დანაშაული ჩაიდინეს.