Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი „გრუ"-ს კიბერშეტევას ჰიბრიდული ომის მაგალითს უწოდებს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას „გრუ“-ს მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების და მედიის ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“
,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს განცხადებაში.

2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერთავდამსხმელებმა შეტევისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. პირველადი მონაცემებით, ფოტო წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), 2000-მდე საიტზე გამოჩნდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 284-ე მუხლით, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და 286-ე მუხლით - კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფა.

XS
SM
MD
LG