სალომე ასათიანის პოდკასტი
„მთელი ცხოვრება ასე გავატარე, ასე კუდში დავდევდი ადამიანებს, ვინც მაინტერესებდა, რადგან მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ. ვასკვლავების შუაგულში ცისფერი სინათლე კაშკაშებს და ვინც მას დაინახავს, „აუუუ!“ აღმოხდება. როგორ იყო? როგორ ეძახდნენ ასეთ ახალგაზრდებს გოეთეს რომანებში?“
ეს, ალბათ, ყველაზე ცნობილი ნაწყვეტია ამერიკელი მწერლის, ჯეკ კერუაკის რომანიდან „გზაზე“, რომელიც 1957 წელს გამოიცა. ეს წიგნი აღწერს ახალგაზრდა კაცების მოგზაურობას ამერიკის შეეერთებული შტატების ტერიტორიაზე - ახალგაზრდების, რომლებიც მოცულნი არიან სიცოცხლის, ჯაზის, სექსის, მისტიციზმის სიყვარულით და გადაჭრით ეუბნებიან უარს იმდროინდელი ამერიკის ტრადიციულ, კონსერვატიულ, კონფორმისტულ ცხოვრების წესს.
ისევე, როგორც 1920-იან წლებში ყველა სხვა რომანზე მეტად ჰემინგუეის „აღმოხდების მზე“ გადაიქცა ამერიკის ლიტერატურაში „დაკარგულ თაობად“ წოდებული მოვლენის სიმბოლოდ, კერუაკის „გზაზე“ მყისიერად გახდა ბიტნიკების, თუ „ბიტის თაობის“ ემბლემატური ტექსტი. კერუაკს ჟურნალისტები წლების განმავლობაში უსვამდნენ ერთსა და იმავე შეკითხვას - მაინც რას ნიშნავდა ტერმინი „ბიტი“, და რა ღირებულებებს, თუ ფილოსოფიას იზიარებდა ამ სახელის მატარებელი თაობა. კერუაკიც მოთმინებით ხსნიდა, რომ „ბიტი“, ამ კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელობას ატარებდა - დაღლილობასაც ნიშნავდა, რიტმსაც და თან ასოცირდებოდა რელიგიურ ცნებასთან beatitude, რითიც მოიცავდა ნეტარებას, სულიერებას, რჩეულთა უნარს, პირდაპირ შეეცნოთ ღმერთი.
ბიტის თაობის გამოჩენა დიდწილად განაპირობა იმ წლებში ამერიკის საზოგადოებაში განწყობის, თუ ატმოსფეროს ცვლილებამ - როცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებით მოტანილი სიხარული და ეიფორია თანდათან შფოთმა და დაძაბულობამ ჩაანაცვლა, ევროპაში რკინის ფარდა დაეშვა, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომი დაიწყო, ამერიკის საზოგადოება კი მაკარტიზმის სულისკვეთებამ და „მტრების“ ძიების ვნებამ მოიცვა.
სწორედ ასეთ კლიმატში, 1955 წლის შემოდგომაზე, 30 წელს მიტანებულმა პოეტმა, ალენ გინზბერგმა, სან-ფრანცისკოში შეკრებილ აუდიტორიას პირველად წარუდგინა თავისი რადიკალური, აპოკალიპტური, ეროტიკული და იდუმალი ლექსი „ყმუილი“, რომელიც გვიყვება ატომური ეპოქის შიშებზე, ახალგაზრდულ გაუცხოებაზე, მილიტარიზმზე, მატერიალიზმზე, კონფორმიზმზე, ნარკოტიკებზე, სექსზე და მარგინალად, ნონკონფორმისტად, მეამბოხედ ყოფნის ნეტარებასა თუ მშვენიერებაზე. ამ ლექსის პირველი ფრაზა, „მე ვიხილე ჩემი თაობის ყველაზე ჭკვიანი ხალხი, მისული სიგიჟის პირას, მოშიმშილე, შიშველი და ისტერიული", ბიტნიკების თაობის სიმბოლოდ იქცა. „ყმუილს“ მოჰყვა სკანდალები და სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს ცენზურაზე გამარჯვების ერთ-ერთ საეტაპო მოვლენად ითვლება. დღეს „ყმუილს“ ბევრი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურენოვან ლექსად მიიჩნევს - ტექსტად, რომელიც თან გაემიჯნა და თან, თემატური თვალსაზრისით, მძლავრად გამოეხმაურა ამავე საუკუნის პირველი ნახევრის უმნიშვნელოვანეს ლექსს, ტომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწას“.
ასათიანის კუთხე
„ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდი ბიტნიკებს, ბიტის თაობას და მათ დაღლილობას, რიტმს თუ ნეტარებას ეძღვნება. ეპიზოდში მოისმენთ გინზბერგის, ბეროუზის, კერუაკის ხმებს, წავიკითხავთ ნაწყვეტებს მათი ტექსტებიდან. ჩვენი სტუმარია ამერიკელი მწერალი, თავადაც ყოფილი ბიტნიკი და ლიტერატურის ისტორიკოსი, ჯონა რასკინი, რომელიც გვიყვება ამ თაობის ავტორების ტექსტების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, იმ ლიტერატურულ ტრადიციებზე, რომლებიც ბიტნიკებთანაც გაგრძელდა, მიუხედავად მათი რადიკალური განაცხადისა და რევოლუციური პათოსისა. ჯონა რასკინთან ვლაპარაკობთ იმაზეც, თუ რომელი ტექსტები თუ ავტორები მოექცა ჩრდილში იმის გამო, რომ ბიტის თაობის განმსაზღვრელ ტექსტებად სამი ნაწარმოები გადაიქცა - გინზბერგის „ყმუილი“, კერუაკის „გზაზე“ და უილიამ ბეროუზის „შიშველი საუზმე“. და, რაც მთავარია, ვცდილობთ მოვიხელთოთ და ავხსნათ ის უცნაური, იდუმალი ენერგია თუ ძალა, რომელიც ბიტის თაობის მწერლების ტექსტებიდან გადმოდინდება - მაშინაც კი, თუკი ზოგიერთი მათგანი დღეს, შესაძლოა, ცოტათი მოძველებულად, მასკულინისტურად, ან ნარცისულად აღიქმებოდეს.