ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნის შესახებ საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა. მისი შეფასებით, დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით.
„იყო მოწოდებები, რომ გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცედურები. მასში საუბარი იყო მიმდინარე საკითხებზეც, ზოგად კონტექსტში ნახსენები იყო სასამართლოც, რომ არის სამუშაო. იყო დაახლოებით 38 შესწორება, ამათგან ყველა ვერც მოვასწარით გაგვევლო, დროში ვერ ჩავეტიეთ, ესეც აღსანიშნავია. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა რაც ჯერ კიდევ დასადგენია ფაქტები, რა თქმა უნდა, მოლოდინი არავის არ ექნებოდა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით. მთლიანად რეზოლუცია ძალიან საინტერესოა, იქ იყო კრიტიკული მიდგომები. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციის მიღება. თუმცა, რომ მიგვეღო იმასაც გამოიყენებდნენ, რომ აი, როგორი კრიტიკული რეზოლუცია მივიღეთ, ამიტომ ეს მათი თამაშის ნაწილია, რომელიც არ გვიკვირს“, - თქვა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი განაწყენებულია, რაც მათ განცხადებებშიც ჩანს: „დღესაც გამოქვეყნდა მათი წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე - იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ის, რომ განწყობები არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, რომ არჩევნებზე მტკიცებულებები მივაწოდოთ, და მეორე - მივიღოთ კრიტიკული შენიშვნები მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ვამბობ, რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო“.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ დაამტკიცა.
12-13 თებერვალს, სტრასბურგი მასპინძლობდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომას. ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების არაერთი კრიტიკული განცხადება, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას, ხელისუფლება-ოპოზიციის ჩაშლილ დიალოგსა და ოპოზიციონერების დევნას შეეხება.