Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ განიხილა ხელისუფლებისთვის შესათავაზებელი საარჩევნო სისტემის მოდელი


„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციის ამოცანა კომპრომისის პოვნა იყო.

„მთლიანად ოპოზიციას თავიდანვე ჰქონდა მიდგომა, რომ ამოცანა იყო კომპრომისის პოვნა, ოღონდ არა საზოგადოების ინტერესების ხარჯზე. „ევროპულმა საქართველომ“ დავსვით საკითხი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად (რაც უკვე შედგა) უნდა შევთავაზოთ ხელისუფლებას კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება: ავიღოთ მყარი პრინციპი, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ჰქონდეს 40%-ზე მეტი არსებითი მხარდაჭერა და ასეთ შემთხვევაში თუ ის მოიგებს მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობას, ჰქონდეს შანსი უმრავლესობის შექმნის“, - აღნიშნავს ბოკერია და წინადადებას განმარტავს, - „თუ მაინცდამაინც ბალანსზე არის საუბარი, პირობითად ეს ბალანსი არის 130 (პროპორციული) და 20 (მაჟორიტარი). პირობითად რომ ვთქვათ, თუ [საარჩევნო სუბიექტმა] აიღო პროპორციულ ნაწილში 45%, შეუძლია 20-დან 5 მაჟორიტარი წააგოს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, წინადადებას პარტიის წევრებთან განიხილავს.

„ამ მაგიდასთან განვიხილეთ, რა შეიძლება ფასილიტატორებმა შემოგვთავაზონ, რა პრინციპი. არანაირი კონკრეტული ციფრი არ განგვიხილია და ვერც მივედით აქამდე. ფასილიტატორებთან მივალთ, თუ მათ აქვთ კომპრომისული შემოთავაზება, ამას მოვისმენთ, შემდეგ შევთანხმდებით პარტიაში, შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში და შემდეგ მოგახსენებთ“, - ამბობს ვაშაძე. მისი თქმით, პრინციპი, რომელზეც გიგა ბოკერიამ ილაპარაკა, ეხება იმას, რომ 40%-ზე მეტი უნდა სჭირდებოდეს პარტიას უმრავლესობის შესაქმნელად.

„რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილის თქმით, დიპლომატები მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ფორმატს და მხარეებს მიმართავენ, რომ ურთიერთკომპრომისული წინადადებები ჰქონდეთ. ბერძენიშვილი ხელისუფლების მიდგომაში ცვლილების შესახებაც მიუთითებს.

„ბატონი მდინარაძე გვეუბნება, რომ ოპოზიციიდან ელოდება ხელისუფლება კომპრომისულ წინადადებებს. მდინარაძემ თქვა, რომ „იმედია, ოპოზიცია არ შემოგვთავაზებს 145 - 5-ს, 140 - 10-ს, 135 - 15-ს“. მე ვუბრუნებ და ვეუბნები: იმედია, ხელისუფლება არ ელოდება, რომ მას შევთავაზებთ 105 - 45-ს, 110 - 40-ს ან 115 - 35-ს. ასეთ ვითარებაში პრინციპი არის ის, რომ თუ პარტია მაჟორიტარულ ოლქებს იგებს, მას [უმრავლესობის შესაქმნელად] 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი შესაძლებლობა არის 130/20-ზე [რასაც „რესპუბლიკელები“ იზიარებენ]“, - თქვა დავით ბერძენიშვილმა.

XS
SM
MD
LG