სალომე ასათიანის პოდკასტი
„ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ჯეიმს ბოლდუინზე მოგითხრობთ. ამერიკელ მწერალზე, კრიტიკოსზე და აქტივისტზე, კაცზე, რომელმაც, როგორც მისი ერთი ინტერვიუერი ამბობდა, ზრდასრულობაში შეაბიჯა წამგებიანი პოზიციებიდან - იყო „შავკანიანი, ღატაკი, ნიჭიერი და გეი“ - დღეს კი მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ამერიკის და, ალბათ, ზოგადად მთელი დასავლეთის ლიტერატურაც და ისტორიაც. ჯეიმს ბოლდუინი არის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი, შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ლიდერი, გაბედული მოაზროვნე, შეუდარებელი ორატორი. ბოლდუინი დღესაც მწვავე და აქტუალურია და მას ალბათ ყველაზე ხშირად იხსენებენ ხოლმე მისი ზუსტი, მწვავე და ელეგანტური ფრაზით - „უცოდინრობა, როცა ძალაუფლებას შეეკვრება, ხდება ყველაზე გავეშებული მტერი, რომელიც კი სამართლიანობას შეიძლება ჰყავდეს“.
ჯეიმს ბოლდუინი 1924 წლის 2 აგვისტოს, ნიუ-იორკის ჰარლემის გეტოში გააჩინა მარტოხელა დედამ, ემა ბერდის ჯონსმა, რომელიც შემდეგ მღვდელს გაჰყვა ცოლად. მამინაცვალი პატარა ჯეიმსს სისასტიკით და სიძულვილით ეპყრობოდა - უშნოს, მახინჯს უწოდებდა. პატარა ჯეიმსმა ეკლესიას შეაფარა თავი და ბავშვობიდანვე დაიწყო ქადაგება. 16 წლისამ ეკლესია დატოვა, თუმცა ქრისტიანულ რწმენასთან მას ბოლომდე შემორჩა არაერთგვაროვანი, კომპლექსური და ემოციური კავშირი. ბავშვობის მძიმე გამოცდილება ბოლდუინმა აღწერა თავის პირველ და, ბევრის აზრით, საუკეთესო მხატვრულ ტექსტში, 1953 წელს დაწერილ, ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში, „წადი, იქადაგე მთიდან“. „ეს წიგნი აუცილებლად უნდა დამეწერა საიმისოდ, რომ წერა შემძლებოდა ზოგადად“ - უთხრა ბოლდუინმა ნიუ-იორკ ტაიმსს 1985 წელს - „რაც ყველაზე მეტად მტკიოდა, მას უნდა გავმკლავებოდი. მამაჩემს უნდა გავმკლავებოდი, უწინარესად“.
ამ, პირველი რომანის შემდეგ ბოლდუინმა წერა მართლაც დიდი ძალით, შთაგონებით, სიზუსტით და სიღრმით დაიწყო. დაწერა ექვსი რომანი, რამდენიმე პიესა, ლექსები, მოთხრობების წიგნი. 1964 წელს მან და ომისშემდგომი ამერიკის კულტურის კიდევ ერთმა გიგანტურმა ფიგურამ, ფოტოგრაფმა რიჩარდ ავედონმა, შექმნეს დღეს საკულტო მნიშვნელობის წიგნი სათაურით „არაფერი პირადული“ - რადიკალური პროექტი, რომელშიც ავედონის ფოტოებს ბოლდუინის ტექსტი ჰქონდა დართული და რომელიც სიღრმისეულად იკვლევდა თანამედროვე ამერიკის რეალობას და იდენტობას.
თუმცა, ბოლდუინის უმთავრეს ტექსტებად ალბათ მაინც მისი კრიტიკული და ანალიტიკური წერილები რჩება რასიზმის ფენომენის და მისი დამანგრეველი შედეგების შესახებ. განსაკუთრებით სამი კრებული - 1955 წლის „მკვიდრი შვილის ჩანაწერები“, 1961 წლის „არავინ იცის ჩემი სახელი“ და 1963 წლის „ცეცხლი შემდეგ ჯერზე“.
ბოლდუინის საჯარო ბიოგრაფიაში ერთ-ერთი კულმინაციური დღე იყო 1965 წლის 18 თებერვალი, როცა კემბრიჯის უნივერსიტეტში, დებატები გაიმართა თემაზე „ამერიკული ოცნება ამერიკელი შავკანიანის ხარჯზე არსებობს“. ბოლდუინი დაუპირისპირდა იმ პერიოდის ამერიკის ყველაზე გავლენიან კონსერვატორ კრიტიკოსს, უილიამ ბაკლის და მას ეს დებატები პირწმინდად მოუგო. “მოდით ასე ვიტყვი - ყველაზე ერთმნიშვნელოვანი პერსპექტივიდან, ამ ქვეყნის ნავსაყუდლები, პორტები, რკინიგზა, ეკონომიკა - განსაკუთრებით სამხრეთულ შტატებში - ვერანაირად ვერ გახდებოდა ის, რაც გახდა, ამდენი ხნის, ამდენი თაობის განმავლობაში რომ არ ჰყოლოდათ და დღესაც რომ არ ჰყავდეთ იაფი მუშახელი. მე ძალიან სერიოზულად ვაცხადებ - და ეს არ არის გადაჭარბება - რომ მე ვკრეფდი ბამბას, მე მიმქონდა ის ბაზრებში, მე ავაშენე რკინიგზა. ვიღაც სხვის მათრახის ქვეშ მყოფმა. სანაცვლოდ არაფერი მიმიღია. არაფერი. ... და ეს ყველაფერი თავისუფალთა მიწაზე, გულადთა სახლში. ამ განაცხადს ვერავინ დააყენებს კითხვის ქვეშ. ეს უბრალოდ ისტორიული მონაცემებია” - ამბობს ბოლდუინი ამ, დღეს უკვე თანამედროვე ამერიკის ისტორიის ნაწილად ქცეულ დებატებში. კემბრიჯის უნივერსიტეტში შეკრებილი, ძალიან თეთრკანიანი და ძალიან ბრიტანელი აუდიტორია ბოლდუინს ოვაციებით ფეხზე წამოუდგა და, ანგარიშით 540-160, მას მიანიჭა გამარჯვება.
ასათიანის კუთხე
1956 წელს - მაშინ, როცა ჯერ კიდევ ათწლეულზე მეტი დრო უნდა გასულიყო სტოუნვოლის გამოსვლებამდე და გეების გათავისუფლების მოძრაობის გაძლიერებამდე - ბოლდუინმა გამოაქვეყნა „ჯოვანის ოთახი“, ერთ-ერთი პირველი რომანი ჰომოსექსუალურ სიყვარულზე ამერიკის ლიტერატურის ისტორიაში. ეს წიგნი დღემდე პოპულარულია, მას ბევრ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ბოლდუინის ბიოგრაფიის და შემოქმედების მკვლევრები - მათ შორის ჩვენი პოდკასტის სტუმარი, მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, დაგლას ფილდი - გვეტყვიან, რომ ეს რომანი ბოლდუინის პირად ბრძოლაზეც ბევრს გვეუბნება. უფრო სწორად, იმ ფსიქოლოგიურ სირთულეებზე, რომლებსაც ბოლდუინს, როგორც ღიად გეი საჯარო ინტელექტუალს, იმ პერიოდის მძაფრად ჰომოფობიური გარემო უქმნიდა.
პოდკასტის ამ ეპიზოდში მოვისმენთ ნაწყვეტებს ბოლდუინის ბრწყინვალე საჯარო გამოსვლებიდან, მოგითხრობთ მის ცხოვრებაზე, ხშირ და ხანგრძლივ მოგზაურობაზე საფრანგეთსა თუ თურქეთში. მოგიყვებით კითხვებზე, რომლებიც მის შესახებ დღემდე ისმის - ვინ იყო ბოლდუინი პირველ რიგში, შავკანიანი თუ გეი მწერალი? რელიგიური, სეკულარული თუ ათეისტი ავტორი? ის რომელიმე საზოგადოებრივ მოძრაობას წარმოადგენდა, თუ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების დამცველი იყო?
პოდკასტის ბოლო ნაწილში, ჩვენს სტუმართან, პროფესორ დაგლას ფილდთან ერთად იმაზეც ვისაუბრებთ, თუ რატომაა ბოლდუინის ფიგურის გასაგებად ასე მნიშვნელოვანი „სიყვარულის“ ცნების მისეული განსაზღვრების გააზრება. სიყვარულის, არა როგორც რაღაც სენტიმენტალურის, არამედ როგორც მუდმივი,რთული და აქტიური ბრძოლის, რომელიც ზოგჯერ შემაშინებელია, მაგრამ ადამიანისთვის ერთადერთ შესაძლებლობად რჩება.