„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მივიდა 30 იანვრის ინციდენტთან დაკავშირებით.
გამოკითხვაზე შესვლამდე, ფეისბუკის პირად გვერდზე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ის აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, გია ვოლსკისთან არიან დაკავშირებული.
„ზუსტად ვიცი, რომ ეს სამი ადამიანი ჩუღურეთიდან არიან, სვანეთისუბნელები და არიან ბატონი [გია] ვოლსკის შტაბის წევრები... და აბსოლუტური რწმენა მაქვს, რომ ეს ხალხი არის გამოგზავნილი ბატონი ვოლსკის მიერ“, - ამბობს ნიკა გვარამია.
ის მომხდარის გამო ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, კერძოდ, მისი მოთხოვნაა, გია ვოლსკიმ დატოვოს პარლამენტი.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის და ამავე არხის თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას, ადვოკატის ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის პირველი ნაწილით.
მუხლის ეს ნაწილი მოიცავს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესიდან შესვენებისას დარბაზიდან იყო გამოსული, რა დროსაც მას, როგორც თავად ამბობს, მისთვის უცნობმა მამაკაცმა სახეში ჩაარტყა.
პოლიციამ ინციდენტის შემდეგ სამი პირი გამოსაკითხად გადაიყვანა.