Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას იცავს


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს წარმატებულად მიიჩნევს, თბილისში რუსული დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლაზე სალომე ზურაბიშვილის პასუხს კი - ერთადერთ სწორ პასუხად.

„თუ ჩვენ ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დგას საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნასთან და გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის, ძალიან შინაარსით დატვირთული და საინტერესო სიტყვით, ალბათ, უნდა გვქონდეს იმის უნარიც, რომ ეს სიტყვა და მისი გამოსვლა შევაფასოთ ობიექტურად, რადგან ის წარმოგვადგენს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენც რომ არ წარმოგვადგენდეს, ის წარმოადგენს ქვეყანას, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ“, - განაცხადა წულუკიანმა 30 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ თავად ევროსაბჭოში პოლიტიკოსებმა, თუ საჯარო მოხელეებმა სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან წარმატებულად შეაფასეს: „რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი ეს წარმატება დააკნინოს, ან თვითონ პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ იმას, რაც მოხდა და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული“.

წულუკიანის განცხადებით, როცა პრეზიდენტს დუსვეს შეკითხვა, რომ თუ საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში, ევროსაბჭო მინისტრთა კომიტეტის სხდომას გაზაფხულზე ჩაატარებს თბილისში, საქართველოს საზღვარზე შემოუშვებენ, თუ არა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, პრეზიდენტს შეიძლება ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც გასცა: „კერძოდ, ევროსაბჭოს სტატუტი და ასევე, შეთანხმება იმუნიტეტების შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ სწორედ იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან, სადაც ქალბატონი სალომე იდგა, თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ყველას გვახსოვს, აი, იმ პერიოდიდან ვართ ჩვენ ამ ტექსტების მონაწილე და რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით“.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას სურს ეს სანქციები საქართველოს დაუწესდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

იუსტიციის მინისტრმა ისიც თქვა, რომ არსებობს საქართველოს შიდა კანონმდებლობა: „ჯერ მანამდე დროა. როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ტარდება ეს სხდომა თბილისში, ტარდება სტრასბურგში, თუ ვინ ჩამოდის, ვინ მიდის, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შეიძლება ამაზე მსჯელობა“.

წულუკიანის შეფასებით, წინასწარი აჟიოტაჟი ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დაკნინდეს საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, მისი პიროვნება და თავად ინსტიტუტი.

XS
SM
MD
LG