Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მწვანე სკოლამ" ჯარიმა 500 ლარი გადაიხადა


„მწვანე სკოლა“ არ აპირებს გაასაჩივროს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოჰყვა. სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლისას აღმოჩენილი დარღვევების გამო სკოლა 500 ლარით დააჯარიმა. როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორმა, კახა დავითურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სკოლამ ჯარიმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, იანვრის შუა რიცხვებში გადაიხადა.

„საქმე ეხება იმ ეპიზოდს, როდესაც ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ 10 დეკემბერს და შემდეგ საგამოძიებო ქმედებების აუცილებლობიდან გამომდინარე, პოლიციამ მოითხოვა კამერების ჩანაწერები და ჩვენ კამერების ჩანაწერი გადავეცით.

ჩვენ არ ვიცოდით ამ შეზღუდვის შესახებ და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ოპერატიული საჭიროება. როგორც აღმოჩნდა, არც ისინი იყვნენ მართლები, როდესაც გვთხოვდნენ და არც ჩვენ, როდესაც გადავეცით. კანონის მიხედვით, მათ უნდა ჰქონოდათ შესაბამისი სანქცია, უნდა წარმოედგინათ ეს სანქცია და ჩვენ მაშინ უნდა გადაგვეცა“, - თქვა კახა დავითურმა.

სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ სკოლის შემოწმების მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად იყო დაცული არასრულწლოვანთა ვიდეოთვალთვალის წესები და რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა ვიდეოსამეთვალყურეო კონტროლი.

28 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან დარღვეული იყო მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

XS
SM
MD
LG