Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა


გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურაში გაკეთებული განცხადების თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქმის გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.

"აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ, თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც:

"კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.

"აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG